ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს ბევრი საინტერესო დებიუტანტი და ახალგაზრდა მონაწილე ჰყავს. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამომავალი ვარსკვლავებისგან სპეციალისტები ოქროს მედლებსა და დიდ სანახაობას ელიან. ვნახოთ, ვინ არიან ისინი:
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი იმედი მძლეოსანი დინა აშერ სმიტია. ტოკიო 2020 მისი პირველი ოლიმპიადა არ არის. სპრინტერის ოლიმპიური დებიუტი 2016 წელს რიოში შედგა, სადაც ოთხი 100 მეტრზე ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მას შემდეგ უდიდესი პროგრესი განიცადა. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე სმიტმა სამი მედალი მოიგო და ბრიტანეთის ისტორიაში საუკეთესო ქალი სპრინტერი გახდა. მუდამ მომღიმარ ათლეტს ტრავმები ხშირად აწუხებს, თუმცა მათ მოშუშებას საოცრად სწრაფად ახერხებს და ტიტულს ტიტულზე იგებს. 13 წლის იყო, როცა პირველი რეკორდი დაამყარა, მას შემდეგ ეს კიდევ არაერთხელ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოში გამგზავრებამდე მყესის პრობლემა ჰქონდა, მიიჩნევს, რომ შესანიშნავ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მას სურს პატარა გოგოებისთვის ისეთივე სამაგალითო გახდეს, როგორებიც მისთვის ვენუს და სერენა უილიამსები იყვნენ.
ამბობენ, რომ ამერიკაში დაბადებული შვედი ჭოკით მხტომელი არმანდ იგივე მონდო დიუპლანტისი ტოკიო 2020-ზე ერთ-ერთი იმ სპორტსმენთაგანი იქნება, რომელზეც ყველაზე მეტს ისაუბრებენ. 21 წლის ათლეტმა პირველი მნიშვნელოვანი ტიტული 2015 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მაშინ 15 წლის იყო. 2018-ში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2019-ში მსოფლიოზე ვერცხლი მოიგო, შარშან კი ღია არენებისთვის აქამდე შემორჩენილი, სერგეი ბუბკას მიერ 1994 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. სწორედ ბუბკაა მისი ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი და დარწმუნებულია, რომ დიუპლანტისი კიდევ არაერთხელ გააოცებს მსოფლიოს.
კეროლინ დუბუა ცნობილი მძიმეწონოსანი მოკრივის დანიელ დუბუას დაა. 20 წლის კეროლინი 2018 წელს გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ნუნე ასტარიანი დაამარცხა. ამის შემდეგ ახალგაზრდული ოლიმპიადა მოიგო. ჯამში 37 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომლებშიც გამარჯვება 35-ჯერ მოიპოვა. ძალიან ხშირად ვარჯიშობს თავის ძმასთან ერთად. გასული პანდემიური წელიც დანიელთან სპარინგსა და ოლიმპიადისთვის მზადებაში გაატარა. თამაშების მერე სამოყვარულოდან პროფესიონალურ კრივში გადასვლას გეგმავს. ასე რომ, ვისაც სპორტის ეს სახეობა გიყვართ, არ გამოგრჩეთ კეროლინ დუბუა.
დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი 13 წლის სკაი ბრაუნია. ის ასევე ყველაზე პატარა პროფესიონალი სკეიტერია მსოფლიოში. 2019 წელს, ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო. ასე რომ ოლიმპიადაზე ის მედლის მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. სკაი ბრაუნის მამა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბრიტანელია, დედა იაპონელი. გოგონა დედის სამშობლოში დაიბადა და იაპონიაში ბევრ დროს ატარებს, ამიტომ იმედი აქვს, რომ ამ ქვეყანაშიც ბევრი გულშემატკივარი ეყოლება. პატარაა, მაგრამ დიდი ამბიციები აქვს. მიზნად დაისახა, ოლიმპიური ჩემპიონი ორ სახეობაში გახდეს. წელს ის ოლიმპიადაზე მიდის როგორც სკეიტერი, 2024 წელს პარიზში კი გადაწყვეტილი აქვს წავიდეს როგორც სერფერი.
სკაი ბრაუნი არ ვიცით, თუმცა ნაომი ოსაკა რომ იაპონელების ფავორიტია, ამაზე საუბარი ზედმეტია. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ამბობს, რომ სამშობლოში ოლიმპიური მედლის მოპოვება, მაშინ, როცა ამას ახალი თაობა უყურებს, მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მას სურს ამ თაობისთვის შთაგონების წყარო გახდეს და მთელმა ქვეყანამ მისით იამაყოს. დიდი შლემის ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულმა უიმბლდონი სწორედ იმის გამო გამოტოვა, რომ ტოკიო 2020-სთვის კარგად მომზადებულიყო. მისი ერთადერთი მიზანი ოლიმპიური ოქროა.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრ ნოა ლაილსს უსაინ ბოლტის კარიერას უწინასწარმეტყველებენ. ის არაერთი ტიტულის მფლობელია, მათ შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 200 მეტრზე სპრინტსა და ოთხი 100 მეტრზე ესტაფეტაში. ახალგაზრდული ოლიმპიადა უკვე მოგებული აქვს და ახლა ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის მოგებასაც გეგმავს. ლაილსს თავის ძმასთან ერთად დაფუძნებული აქვს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც იმ ბავშვებს, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ, მძლეოსნობის გაკვეთილებს უფინანსებს.
მაშინ, როცა მაიკლ ფელფსმა კარიერა დაასრულა, ამერიკას ცურვაში ახალი ვარსკვლავი დასჭირდა. ამ დროს გამოჩნდა ქეილებ დრესელი. 2017 წელს მან ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. ორი წლის შემდეგ ამავე პირველობაზე 8 მედალი მოიგო, 6 ოქრო და 2 ვერცხლი. მას ეკუთვნის მსოფლიოს 8 რეკორდი და 2 ოლიმპიური ოქრო ესტაფეტაში. წელს დრესელი უკვე ინდივიდუალური ჯილდოებისთვის იბრძოლებს. ის შეეცდება, გახდეს მესამე მოცურავე მარკ სპიცისა და მაიკლ ფელპსის შემდეგ, რომელიც ერთ ოლიმპიადაზე სამი პირადი ოქროს მოპოვებას მოახერხებს.
ტოკიო 2020-ზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლუკა დონჩიჩსაც ვიხილავთ. სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად გავიდა და ამაში დონჩიჩის წვლილი უდიდესია. საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში ლიეტუვასთან მან სამმაგი დუბლი გააკეთა და თამაში ფაქტობრივად მარტომ მოიგო. მატჩის შემდეგ ლუკამ განაცხადა, რომ NBA-ს ტიტულის მოგებას ოლიმპიური ოქროს მოგება ურჩევნია. თუ ტოკიოშიც ისე ითამაშებს, როგორც სჩვევია და თანაგუნდლებიც ხელს შეუწყობენ, გამორიცხული არაფერია.
ყველა მონაცემით ამ ოლიმპიადის მთავარი ვარსკვლავი ამერიკელი სიმონა ბაილსი იქნება. ის უკვე არის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ტანმოვარჯიშე. სხვა გამარჯვებებსა და მედლებს რომ თავი დავანებოთ, 24 წლის ასაკში მან მოახერხა და 19-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის, 4-ჯერ კი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. ეს ციფრები ყველაფერზე თავად მეტყველებს. მისთვის ჯილდოები მთავარი არ არის, სურს მაქსიმალურად გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები და ყოველ მომდევნო ტურნირზე თავის თავს ამოცანებს ურთულებს. ჯერჯერობით ყველაფერი გამოსდის. ასე რომ 24 წლის ტანმოვარჯიშე სულ მალე, დიდი ალბათობით, თავის ყულაბას არაერთ მედალს შემატებს.