ტოკიო 2020 | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში გავიდა. მან საათსა და 14 წუთში დაამარცხა ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა – 6:3, 6:2.

ბასილაშვილმა პირველი სეტი შესანიშნავად დაიწყო და ორმაგი ბრეიკით გადიდა წინ – 5:1. ის თითქმის არ აგებდა ქულას თავის მოწოდებაზე და თითქოს იოლად უნდა მოეგო სეტი, მაგრამ ნიკამ ოდნავ დაკარგა კონცენტრაცია, საკუთარი გეიმი „მშრალი“ ანგარიშით დათმო და მცირე შანსი მისცა მეტოქეს, თუმცა, 5:3-ზე შეძლო სეტზე ჩაწოდება.

მეორე სეტის სტარტი ბასილაშვილს იდეალური გამოუვიდა – მესამე ბრეიკი შეასრულა მატჩში და წაიყვანა ანგარიში. მესამე გეიმშიც ქართველს ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, ასევე სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა მან მეხუთე გეიმში, სამაგიეროდ, მეშვიდე გეიმში მაინც შეასრულა მეორე ბრეიკი და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, რაც აღარ გასჭირვებია.

ქართველმა 14-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და პირველ მოწოდებაზე ქულების 87 პროცენტი მოიგო.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე იაპონელი ტარო დანიელისა და იტალიელ ლორენცო სონეგოს მატჩში ირკვევა.