„ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტი თამაშების ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებული ხარჯების გადანაწილებას ითხოვს
„ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტი თამაშების ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებული ხარჯების გადანაწილებას ითხოვს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს მიმართეს თხოვნით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდიდან აიღონ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე ადასტურებს, რომ ტოკიო ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს.

მოლაპარაკების პროცესში იაპონიის პრემიერმინისტრი აცხადებდა, რომ იაპონია IOC-თან ერთად ხელშეკრულების შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის საჭირო ხარჯების გაწევას გააგრძელებდა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ იაპონიას თამაშების გადატანაზე დამატებითი ხარჯების გაღების მოლაპარაკება ჯერ არ დაუსრულებია.

პრემიერმინისტრის სახელის ამგვარად ხსენება უადგილოა. გარდა ამისა, IOC-ის გვერდზე არ უნდა იყოს მითითებული, რომ IOC-სა და ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს შორის ამგვარი შეთანხმება შედგა”, – განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მასა ტაკაიამ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მოთხოვნა დააკმაყოფილეს და განცხადების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ IOC-მა და იაპონიის მთავრობამ თამაშების წარმატებით ჩასატარებლად გამოხატეს მზადყოფნა, შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები. IOC და იაპონიის მხარე ერთად განიხილავენ თამაშების გადატანის შედეგებს.