ტოკიო 2020 | გაიცანით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში #1TVSPORT
ტოკიო 2020 | გაიცანით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში #1TVSPORT

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარსდგება.

თავისუფალი ჭიდაობა უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას სამი თავისუფალი სტილით მოჭიდავე შეეცდება. ესენი არიან – ავთანდილ კენჭაძე 74 კგ, ელიზბარ ოდიკაძე 97 კგ და გენო პეტრიაშვილი 125 კგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ექვსი ოლიმპიური წონიდან მხოლოდ სამში მოახერხა ლიცენზიების მიღება, მაგრამ უდიდეს ფორუმზე გამომსვლელი სამივე მოჭიდავე კარგ ფორმაში იმყოფება და საქართველოსთვის მედლების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ. ქართველი სპორტსმენები ტოკიოში 4-7 აგვისტოს იასპარეზებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 192 სპორტსმენი – 96 კაცი და 96 ქალი, გათამაშდება მედლების 12 კომპლექტი.

ავთანდილ კენჭაძე (74კგ) – 25 წლის

საქართველოს ჩემპიონი (2019, 74 კგ), 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი (2018, ბუქარესტი, რუმინეთი), 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (რომი, იტალია 2020). ტოკიოს ოლიმპიადა კენჭაძისთვის პირველი ოლიმპიური თამაშებია. საგზური მან გაზაფხულზე გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა. ავთოსგან უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე კარგ გამოსვლას და ნებისმიერი სინჯის მედალს ველოდებით.

ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) – 32 წლის

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ოდიკაძე რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადის საგზური მან 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოდიკაძის მედალი სავსებით შესაძლებელია.

გენო პეტრიაშვილი (125კგ) – 27 წლის

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (2016, 2020) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013), ასევე 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (2017, 2018, 2019) და 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 2015). გენო პეტრიაშვილი, რომელიც რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია, ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. უძველესი სპორტული ღონისძიების საგზური მან 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. გენო ხუთი წელია ამ ფორუმისთვის ემზადება და ვიმედოვნებთ, რომ ტოკიოში მისი გამოსვლა ოლიმპიური ოქროთი დასრულდება.