ტოკიო 2020 დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და რვა ოლიმპიური მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ტოკიო 2020 დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და რვა ოლიმპიური მედალი მოიპოვა #1TVSPORT

დღეს, რვა აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადა დასრულდა და უკვე ისტორიად იქცა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვა.

ჩვენი ქვეყანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარსდგა და ასპარეზობა რვა მედლით (ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო) დაასრულა.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებს ტოკიოში პირველი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ყვეაზე მეტი, ოთხი მედალი შესძინა.

ლაშა ბექაური – ოქროს მედალი, გურამ თუშიშვილი – ვერცხლის მედალი, ვაჟა მარგველაშვილი – ვერცხლის მედალი, ლაშა შავდათუაშვილი – ვერცხლის მედალი.

აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს – ქორო, ვერცხლი და ბრინჯაო.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრიუმფალური გამოსვლა ჰქონდა ლაშა ტალახაძეს. ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი სწორედ ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

აკვრაში კი, მესამე ცდაზე 265 კგ შეუკვეთა, რაც ერთით მეტი იყო მის პირად და მსოფლიო რეკორდზე. რა თქმა უნდა, ეს წონაც დაძლია და ოლიმპიადა სამი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა.

223+265=488 კგ ორჭიდის ჯამში – მესამე მსოფლიო რეკორდი.

წარმატებული გამოსვლა ჰქონდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელს, ანტონ პლესნოის, რომელმაც საერთო ყულაბას ბრინჯაოს მედალი შემატა.

შესანიშნავად იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ფალავანი ფინალში ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავესთან, ნუნიესთან დამარცხდა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში მეოთხედ იზეიმა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ფინალური შეხვედრა ბოლო წამის მესამედში ამერიკელ სპორტსმენთან დათმო. ეს იყო ალბათ ყველაზე დასანანი მარცხი ტოკიოს ოლიმპიადაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერცხლის მედალი შესანიშნავი მიღწევაა.

მსოფლიო მნიშვნელობის რეკორდი დაამყარა ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, რომლისთვისაც ტოკიო 2020 მეცხრე ოლიმპიადა იყო. ნინო სალუქვაძის ამ საოცარ სტატისტიკას ქალ სპორტსმენთა შორის ანალოგი არ მოეძებნება.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენი ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის გულწრფელი ემოციები და მაღალი პროფესიონალიზმი იყო.

საქართველოს ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე გუნდურ ჩათვლაში 33-ე, ხოლო ვაჟთა შორის მე-19 ადგილი დაიკავა და ამ მონაცემებით გაუსწრო ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიც თურქეთი, ინდოეთი, უკრაინა, ესპანეთი და არგენტინაა.

დატოვე კომენტარი