ტოკიო 2020 | ბასილაშვილი ოლიმპიადაზე მეორე შეხვედრას სონეგოსთან 26 ივლისს გამართავს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ბასილაშვილი ოლიმპიადაზე მეორე შეხვედრას სონეგოსთან 26 ივლისს გამართავს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის საჩოგბურთო ტურნირზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში მსოფლიოს 26-ე ჩოგანს, იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება. ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ შეხვედრიან და მაშინდელ დაპირისპირებაში სონეგომ გაიმარჯვა. შეხვედრა თბილისის დროით 7:30 საათიდან გაიმართება. მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლაზე იხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილი იტალიელ ჩოგბურთელთან წარმატების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეოთხე ნომერს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.

29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი – საქართველოს პირველი ნომერი, ATP-ის (ჩოგბურთის პროფესიული ასოციაცია) მიერ ჩატარებული ხუთი ტურნირის გამარჯვებულია ერთეულთა თანრიგში. დიდი სლემის ტურნირებზე ქართველმა ჩოგბურთელმა საუკეთესო შედეგი 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე დააფიქსირა (მე-4 რაუდი). კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხა 6 097 658 დოლარია. კარიერაში საუკეთესო პოზიცია – მე-16 (27 მაისი ,2019). ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 42-ე ნომერია. ქართველი ჩოგბურთელი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც იგი პირველივე წრეში დამარცხდა ურუგვაელ პაბლო კუევასთან.

ტოკიოს 2020-ის ოლიმპიადაზე ჩოგბურთელთა ასპარეზობას Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს.