ტოკიო 2020 | აშშ-ის რევანში და ზედიზედ მეოთხე ოლიმპიური ოქრო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე კალათბურთის ფინალი გაიმართა, სადაც ტურნირის მთავარი ფავორიტი აშშ-ის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დამარცხდა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირველ მეოთხედში არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით პერიმეტრიდან, შესაბამისად ფრანგები გარკვეული დროის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ ამერიკელებმა წინ გასვლა საწყის პერიოდშივე მოახერხეს. მეორე და მესამე მეოთხედებიც აშშ-ის ნაკრების უპირატესობით დამთავრდა. ბოლო პერიოდი შედარებით უფრო დაძაბული აღმოჩნდა – ფრანგებმა რვაქულიანი სხვაობა ბოლო წამებში სამამდეც კი დაიყვანეს, მაგრამ მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ ანგარიში აშშ-ის სასარგებლოდ 87:82 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი იყო, რომელიც უნაკლოდ გამოიყურებოდა და თავის გუნდს 29 ქულით ულიდერა. 19 ქულა ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს. ფრანგებიდან საუკეთესოები იყვნენ ევან ფურნიე და რუდი გობერი 19-19 ქულით, „იუტა ჯაზის“ ცენტს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისათვის ეს ზედიზედ მეოთხე და ისტორიაში მეთექვსმეტე ოლიმპიური ოქროა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა, სადაც სლოვენია ავსტრალიას დაუპირისპირდება, 15:00 საათზე გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოდა, მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ შეხვედრაშიც, გულშემატკივარი დიდ სანახაობას უნდა ელოდოს.