ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება | აკი ბაშო (ვიდეო)

აკი ბაშოს პირველ დღეს ქართველმა სეკიტორიმ ლევან გორგაძემ მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინისთვის შემოდგომის ბაშოზე დადებითი ბალანსის, ანუ კაჩიკოშის მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მან შესაძლოა ოძეკის რანგი დაკარგოს. ასე, რომ ტოჩინოშინს შემოდგომის სუპერტურნირზე მინიმუმ 8 მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინმა აკი ბაშო დამაჯერებლად დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს იგი მეორე მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდა, რომელსაც დღევანდლამდე ექვსჯერ შეხვედროდა და ურთიერთდაპირისპირებებში ოთხი გამარჯვება და ორი მარცხი ჰქონდა.

რიკიშების მეშვიდე ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა ძალიან მალე მოიგო. ჩიოტარიუმ ტოჩინოშინის პირველ მიძალებას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. დოჰიოს კიდესთან ახლოს ლევანმა მეტოქე ასწია და მის ფარგლებს გარეთ გადასვა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტურნირს ტოჩინოშინი უდანაკარგოდ – ხუთი შეხვედრიდან ხუთი მოგებით ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ბაშოზე გამოსვლა შეწყვიტა, რის გამოც უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა.

ჯურიო დივიზიონში შეხვედრა გამართა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც სამწუხაროდ ჰაკუიოძანთან დამარცხდა.