ტოჩინოშინი მესამე ოძეკთანაც დამარცხდა
ტოჩინოშინი მესამე ოძეკთანაც დამარცხდა

2021 წლის სუპერტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს ლევან გორგაძე, რომელიც ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის რანგით მე-4 მაეგაშირას შეხვდა.

ტურნირის მე-7 დღის მუსუბინო იჩიბანზე (დღის ბოლო ბრძოლა) მისი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იყო, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე იუშოს (გამარჯვების) მოპოვების შემთხვევაში იოკოძუნად გახდომის შანსი ჰქონდა, თუმცა 2021 წელს ტაკაკეიშო ცუდ ფორმაში შეხვდა და 6-დან მხოლოდ ერთი ორთაბრძოლის მოგება მოახერხა.

ტოჩინოშინმა ოძეკისთან ორთაბრძოლა მძლავრი კაჩიაგეთი (იდაყვი) დაიწყო და მეტოქეს ტუჩიც გაუხეთქა, მაგრამ კარგი სტარტის შემდეგ სიტუაციაში სწრაფად გარკვევა ვერ მოახერხა. ტაკაკეიშომ ეს შანსი კარგად გამოიყენა და ძლიერი ბიძგით დაატოვებინა ლევანს დოჰიო.

ეს ტოჩინოშინის მე-5 მარცხია 2 გამარჯვების საპირისპიროდ. ის ბაშოზე სამივე ოძეკისთან დამარცხდა. ხვალ მისი მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იქნება. დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ტოჩინოშინს დარჩენილი 8 შეხვედრიდან 6-ის მიგება სჭირდება.