ტოჩინოშინი - 14 წელია, იაპონიაში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია
ტოჩინოშინი - 14 წელია, იაპონიაში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია

14 წელია, იაპონიაში ვცხოვრობ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი გული საქართველოშია, – ამის შესახებ ტოჩინოშინმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლევან გორგაძე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების კითხვებსაც პასუხობს. მან ნაცუ ბაშოს ბოლო დღეზეც ისაუბრა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას და ამერიკას შორის დიდი ომი იყო, იაპონელებს ამერიკელები უყვართ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. გამორჩეული დღე იყო, რისთვისაც ნახევარი წელი ემზადებოდა სუმოს ფედერაცია. დონალდ ტრამპმა ოდნავ დააგვიანა კიდეც. არასდროს არ ხდება ხოლმე, რომ სუმო გვიან დაიწყოს, მაქსიმუმ ორი-სამი წუთით გადაიწიოს, მაგრამ მას 15 წუთი ველოდებოდით, სანამ დოჰიოზე გავიდოდით. როდესაც „ჯორჯია“ გამოაცხადეს, ამ ფაქტმა მიიქცია მისი ყურადღება. სავარაუდოდ, ეგონა, რომ ამერიკელი ვიყავი. მან დააფასა სუმო და მოვიდა, ეს მარტო სუმოს ფედერაციისთვის კი არა, იაპონიისთვისაც დიდი რამ იყო, რადგან სუმო მხოლოდ სპორტი არაა. ტრამპმა ამ საქციელით იაპონური ტრადიციებიც დააფასა და დიდი მადლობა მას ამისთვის. იაპონელები ასე ამბობენ, რომ სუმო იაპონიის ფესვებია“.

ლევან გორგაძემ გასული ტურნირის ბოლოს წინა დღეს იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ გაკეთებულ ჰენკაზეც გააკეთა კომენტარი.

„დასამალი არაფერი არაა, რადგან საქართველოში ვარ. მე წინა დღესაც მქონდა დაგეგმილი, რომ ჰენკას გავაკეთებდი. ასეთ რამეს იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ მიჭირდა და გავაკეთე. ვფიქრობ, უფრო სასიხარულოა, რომ ოძეკის წოდება დავიბრუნე, თუმცა ასეთ რამეს ყოველთვის ვერიდები, არ არის ჩემი სტილი, უბრალოდ სხვა გზა აღარ იყო“, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

კარიერის საუკეთესო ბრძოლად ქართველმა ოძეკიმ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება დაასახელა –

„როდესაც ელიტაში ავედი და პირველად ოძეკს დავუპირისპირდი, ეს ბრძოლა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რადგან პირველად მოვუგე ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენს. გამოვარჩევდი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ბრძოლასაც. 25-ჯერ მქონდა მანამდე წაგებული და 26-ე ბრძოლა მოვიგე“.

მომავალზე საუბრისას ტოჩინოშინმა თქვა, რომ ოდესმე კარიერის დასრულება მოუწევს, მაგრამ ჯერ ამაზე არ ფიქრობს.

„ვერასოდეს წარმომიდგენია, რომ ოდესმე უნდა დადგეს პერიოდი, როცა მე არ უნდა ვიჭიდაო. სპორტსმენები ამბობენ, სპორტი ჩემი ცხოვრებააო და ეს მართლაც ასეა. სპორტი ჩემგან განუყრელია და ძალიან მიჭირს, რადგან 30 წელს გადავცდი უკვე და ამას ვგრძნობ, რომ მიახლოვდება ისეთი დრო, როდესაც სპორტიდან უნდა წავიდე. დასასრული ცხოვრებაში ყველაფერს აქვს და ეს სპორტულ კარიერაზეც ვრცელდება. ვერასოდეს ვფიქრობ ამაზე და არ მინდა ახლა ამაზე ვიფიქრო. ჯერჯერობით მგონია, რომ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია ასპარეზობა. სადამდეც ჩემი ტრავმირებული მუხლი მაჭიდავებს, იქამდე ვიჭიდავებ მეც. ვიცი, რომ გული არ მიღალატებს, მთავარია მუხლმა არ მიღალატოს“, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

სუმომანთა კლუბის პრეზიდენტმა ამირან ურუშაძემ ლევან გორგაძეს ტოკიოში გამართულ ღონისძიებაზე – „საქართველო ღვინის სამშობლო“ და მასში ქართველი ოძეკის ჩართულობაზე ჰკითხა.

„უნიკალური პროექტი იყო. პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ჩატარდა ღვინის ორთვიანი ფესტივალი. ძალიან დიდი რაოდენობის ღვინო ჩამოიტანეს ქართველებმა და ამ ფესტივალზე უამრავმა ადამიანმა, როგორც იაპონელებმა, ასევე არაიაპონელებმა, დააფასეს ჩვენი არა მხოლოდ ღვინო, არამედ ტრადიციები. ქვევრი ჩამოიტანეს საქართველოდან და წარმოიდგინეთ, უცხოელს რომ აუხსნი, თუ საიდან მოდის ქვევრი. ეს ძალიან დიდი დღეები იყო და ამითი მე უზომოდ ბედნიერი ვარ. მე ძალიან ბევრ იაპონელს ვესაუბრე ამ თემაზე და ყველანი საოცრად კმაყოფილები იყვნენ, რადგან ქართველებს საუკეთესო ღვინო გვაქვს“, – თქვა ლევან გორგაძემ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ლევან ღუდუშაურმა ტოჩინოშინს მის წარმატებაში პირველი ქართველი სეკიტორის ლევან ცაგურიას (კოკაის) როლზე ჰკითხა.

„ლევანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს მე სუმოისტი ვარ. 2004-2005 წელს ვიჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატი სამოყვარულო სუმოში და 2005 წელსვე მქონდა სამთვიანი ვიზა და ერთ-ერთ უნივერსიტეტში გავდიოდი მომზადებას სუმოში. ამ მომზადებიდან დაწყებული ერთი თვის შემდეგ, მე ლევანს შევხვდი და მან მირჩია სწორედ, რომ სუმოში დავრჩენილიყავი, თუ იაპონიაში ცხოვრებას გავუძლებდი. სხვათა შორის ლევანი სუმოში პირველი ევროპელია. მადლობა ლევან ცაგურიას“, – უპასუხა ტოჩინოშინმა.

ლევან გორგაძემ იოკოძუნა ჰაკუჰოზეც ისაუბრა –

„მონღოლებიდან ორ ადამიანთან ვმეგობრობ – ჰაკუჰო და ტამავაში. ჰაკუჰო მარტო სპორტსმენი არაა, ის ძალიან დიდი ადამიანია. ვინც არ უნდა იყო ცხოვრებაში, სპორტსმენი იქნები, თუ სხვა პროფესიის, თავმდაბლობა პირველია, მით უმეტეს, როდესაც ასეთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული.“

გულშემატკივრებზე საუბრისას, გორგაძემ ემოციური განცხადება გააკეთა და განსაკუთრებული მადლობა სუმომანთა კლუბის პრეზიდენტს, ამირან ურუშაძეს გადაუხადა –

„თქვენ გულშემატკივრობას მე ვუყურებ ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო მაქვს, ამ ყველაფერს ვხედავ. მე მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ყველაფერს განვიცდი და გულშემატკივრობა ჩემთვის ძალიან დიდი ძალაა. ალბათ ასევეა ყველა სპორტსმენისთვის. ის ორი გამამხნევებელი სიტყვა, ჩემთვის მთავარი სტიმულია. თქვენ ხართ ჩემი მთავარი სტიმული. წერა-კითხვა კი ბავშვობიდან არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან ბევრ კომენტარს ვნახულობ და ვკითხულობ. ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას გიხდით“.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ტოჩინოშინი საქართველოს პირველ არხს გადაცემაში „ნაშუადღევს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და როგორც კარიერის განმავლობაში განცდილ სირთულეებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას აპირებს.


საგულისხმოა, რომ ლევან გორგაძეს კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ ავტობიოგრაფიის დაწერა შესთავაზა, რაზეც ქართველმა სპორტსმენმა თანხმობა განაცხადა.

 

დატოვე კომენტარი