„ტობოლმა“ ოფიციალურად დაადასტურა - ზარანდია ყაზახეთში ითამაშებს
საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – ლუკა ზარანდიამ ბელგიური „ზულტე-ვარეგემი“ დატოვა და კარიერას დროებით ყაზახეთში, კოსტანაის „ტობოლში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კოსტანაის კლუბში იჯარით გადავიდა. ლუკას პირველი პროფესიული კლუბი იყო თბილისიდან „ლოკომოტივი“, რომლის აკადემიაშიც ფეხბურთელმა რამდენიმე წელი გაატარა. 2014 წელს ზარანდია ბელგიის „გენკში“ ჩაირიცხა, მაგრამ მალევე დაბრუნდა საქართველოში და ისევ „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა. ერთი სეზონის შემდეგ, საზღვარგარეთ კიდევ ერთხელ გაემგზავრა – ამჯერად პოლონეთში. გდინიას „არკაში“, სადაც ნახევარმცველმა სამი სეზონი გაატარა, მოიგო პოლონეთის თასი და ორჯერ – სუპერთასი. ლუკა ბოლოს ბელგიურ „ზულტე ვარეგემში“ თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი ორი მატჩი ჩაატარა“, – წერს „ტობოლის“ ოფიციალური გვერდი.
ყაზახური კლუბის ცნობით, ქართველი ნახევარმცველის საიჯარო ხელშეკრულება 2020 წლის 31 ივლისამდეა გათვლილი.