ტიტულები საქართველოში და ჯგუფური ეტაპი ევროპაში - „საბურთალომ“ ცეცაძე წარადგინა
ტიტულები საქართველოში და ჯგუფური ეტაპი ევროპაში - „საბურთალომ“ ცეცაძე წარადგინა

თბილისის „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 2018 წლის ჩემპიონსა და 2019 წლის თასის გამარჯვებულს უახლოესი სამი წელი გია ცეცაძე გაწვრთნის. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტი „ბენდელას” სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ წარადგინეს.

ცეცაძე ბოლო ორი წელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ სლოვაკეთში მომხდარი ინციდენტის გამო უეფა-მ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ნაკრებში მისი საქმიანობა შეუძლებელი აღმოჩნდა. მან თბილისურ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„სამწვრთნელო კარიერა „საბურთალოში“ დავიწყე და და შემიძლია ვთქვა, რომ სახლში დავბრუნდი. ამაზე დიდი კომფორტი არ არსებობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რამდენიმე მიზეზის გამო დავტოვე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სრული მხარდაჭერა მქონდა და მადლობა მათ ამისთვის. მაგრამ უეფა-სგან მიღებული ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გუნდის სრულფასოვნად გაწვრთნის საშუალებას არ მომცემდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბოლო სამ თამაშში მარცხი. ძლიერ მეტოქეებთან მარცხი პასუხისმგებლობას ვერ ამარიდებს” – ამბობს გია ცეცაძე.

მან გუნდის მიზნებზე ილაპარაკა: „სამწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და მინდა, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, საქართველოში კვლავ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე ავიდეს და ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპას გააცნოს, უფრო სწორედ, ამ სარბიელს დაუბრუნოს. ქართულ ფეხბურთს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია”.

ცეცაძის თქმით, მას გუნდის გაძლიერება სურს და ახალი ფეხბურთელების შერჩევის კრიტერიუმი დაასახელა: „მოლაპარაკებები დაწყებული ქართველებთანაც და ლეგიონერებთანაც. თუმცა, ჯერ ჩვენთან მაღალი დონის ლეგიონერი არ მინახავს. მხოლოდ ისეთი უცხოელები გვინდა, რომლებიც თავს ევროსარბიელზე გამოიჩენენ”.