თითქმის გადაწყვეტილია - ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიაზე არ ითამაშებს #1TVSPORT
თითქმის გადაწყვეტილია - ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიაზე არ ითამაშებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის შანსს. მელბურნში გასამართი ტურნირის ხელმძღვანელობამ თხოვა ვიქტორიას შტატის მთავრობას სერბისთვის სამედიცინო გამონაკლისი დაეშვა, რაც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიაში ჩასვლის საშუალებას მისცემდა.

ავსტრალიაში მოგზაურობისთვის სავალდებულოა კორონავირუსისგან აცრა, ჯოკოვიჩმა კი რამდენჯერმე უარი თქვა ვაქცინაციის შესახებ საკუთარი სტატუსის გაჟღერებაზე. ამ მომენტისთვის ავსტრალიის ღიას ცხრაგზის ჩემპიონი ბელგრადში იმყოფება.

მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოტოვებს ავსტრალიის ღია პირველობას. სამედიცინო კომისიამ უარი თქვა სერბისთვის გამონაკლისის დაშვებაზე.

„ნოვაკი ავსტრალიაში არ გაემგზავრება. სამედიცინო კომისიამ უარი უთხრა მას სამედიცინო გამონაკლისზე, რაც საშუალებას მისცემდა ვაქცინაციის გარეშე ეთამაშა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ჯოკოვიჩი ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია“, – დაწერა წყარომ, რომელიც გარკვეულია შექმნილ სიტუაციაში.

ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.