თინათინ ბერძენიშვილი - გვსურს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპორტი უფრო მრავალფეროვანი იყოს #1TVSPORT
თინათინ ბერძენიშვილი - გვსურს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპორტი უფრო მრავალფეროვანი იყოს #1TVSPORT

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ იმ სპორტულ ტრანსლაციებზე ისაუბრა, რომელსაც არხი ახალი სატელევიზიო სეზონიდან გეგმავს.

თინათინ ბერძენიშვილი: „ტრანსლაციების სიით მოვედი, რომელიც საკმაოდ ვრცელია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპორტი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ვისარგებლებ შემთხვევით და არხის სპორტულ ჯგუფს დიდ მადლობას გადავუხდი, რადგან ერთი დღე არ დაგისვენიათ – პანდემიის დროს არც ერთ გადაცემაში პაუზა არ ყოფილა. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი ადამიანი (გიორგი თვალაბეიშვილი) დარჩა და ეთერში მაინც გავდიოდით.

ზედმეტს არ ვიტყვი – „ტაიმაუტს“ აქვს მხოლოდ დადებითი გამოხმაურება – არა მხოლოდ მაყურებლების, არამედ პროფესიონალი სპორტსმენების მხრიდანაც. რაც შეეხება ქალთა ევროპის ჩემპიონატს, ამ მატჩებს კარგი გამოხმაურება მოჰყვა – ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარალიმპიადისა და სპორტის მრავალფეროვანი სახეობების გაშუქების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„პირველებმა ვაჩვენეთ პარალიმპიადა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს არხებზე მეტი სპორტი შემოვიტანოთ. მხოლოდ 2022 წელს სპორტულ ტრანსლაციებზე 5 მილიონი ლარი დავხარჯეთ, რაც ისევ სპორტს ადგება და ეკონომიკაშიც თავისი უკუგება აქვს“.

საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა და ევრობასკეტის გასაშუქებლად საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებით ემზადება:

„ყველაზე ინტენსიურად ევრობასკეტს განვიხილავთ, რადგან კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია და ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. არხი მზად არის ევრობასკეტისთვის – მგონია, მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს და გვინდა, რომ ჩვენთვის ფეხბედნიერი იყოს. თუმცა, ახალ სეზონს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატით ვიწყებთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ლიცენზიები მოვიპოვეთ. ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩაატარა, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ამ სახეობასთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი წელს მაყურებელს არაერთი ტურნირის ტელეტრანსლაციას შესთავაზებს, მათ შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს:

„ფეხბურთში ერთა ლიგის მატჩებს ყველა პლატფორმაზე რაოდენობრივად უპრეცედენტოდ დიდი მაყურებელი ჰყავდა. დიდი სპორტი აგვისტოდან იწყება, წლის ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონატს ვაჩვენებთ. ეს ყველასთვის დღესასწაულია და არხი ამისთვის ვემზადებით“.

თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელია, ოლიმპიადასა და პარალიმპიადას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

„მაყურებელს 2024 წელს პარიზის ოლიმპიადასა და მომდევნო პარალიმპიადასაც შევთავაზებთ. საერთოდ, ოლიმპიადა ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ასოცირდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის უკვე ვემზადებით.

ვაშუქებდით და გავაშუქებთ ძალოსნობასა და ძიუდოს მნიშვნელოვან ტურნირებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემიონატებს, რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება და ყველა შემთხვევაში, ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. 2028 წლამდე ფეხბურთში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ექსკლუზიური ჩვენებების უფლებასაც ჩვენ ვფლობთ. ბევრი ამხანაგური მატჩი გვაქვს და ფედერაციებთან ვთანამშრომლობთ, რათა სპორტი მრავალფეროვანი რომ იყოს და ეთერი ყველა სახეობაზე გადავანაწილოთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.