თინათინ ბერძენიშვილი - ამაყი ვარ, რომ პარალიმპიურ თამაშებს პირველად საქართველოში სწორედ პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
თინათინ ბერძენიშვილი - ამაყი ვარ, რომ პარალიმპიურ თამაშებს პირველად საქართველოში სწორედ პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტოკიო ზაფხულის XVI პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება იაპონიის დედაქალაქში 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, ისევე როგორც ოლიმპიადა, კოვიდპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და სახელწოდება შეუნარჩუნდა – პარალიმპიადა 2020.

პირველი პარალიმპიური თამაშები 1960 წელს, იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდა და 23 ქვეყნის 400 სპორტსმენი მონაწილეობდა, დღეს კი პლანეტის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა. 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებს 4,1 მილიარდმა ადამიანმა უყურა, რაც ტელეაუდიტორიის სარეკორდო მაჩვენებელია. პირველად ქართულ ტელესივრცეში, თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს ტოკიოს არენებიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„ დიდი ხანი დაგვჭირდა, რომ პარალიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლება მოგვეპოვებინა. პარალიმპიადა საქართველოს პირველ არხზე დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, რადგან ინკლუზიური გარემოს შექმნა, როგორც ორგანიზაციაში, ასევე ჩვენს ყველა პლატფორმაზე ნამდვილად უმნიშნელოვანესია. საოცრად ამაყი ვარ, რომ პირველად საქართველოში სწორედ პირველი არხი შემოგთავაზებთ ამ სპორტულ ფესტივალს და დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად არაერთი გამარჯვება გველის“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

ტოკიოს პარალიმპიადა 24 აგვისტოს გაიხსნება და 5 სექტემბერს დაიხურება. ტოკიოდან პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის პირდაპირ რეპორატაჟს 24 აგვისტოს, 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.