ტიმო ვერნერი „ჩელსისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ტიმო ვერნერი „ჩელსისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს

„ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი, დიდი ალბათობით, „ჩელსიში“ გააგრძელებს კარიერას.

მაისის ბოლოს, ინგლისური პრესა ამტკიცებდა, რომ გერმანელ ფეხბურთელს „ლივერპული“ შეიძენდა, მაგრამ ახლა, ვერნერისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონური კლუბი გახდა. „ბილდის“ ინფორმაციით, „ჩელსი“ 24 წლის ფორვარდს 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს კონტრაქტს და წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის.

ამგვარი ხელშეკრულებით, ვერნერი „ჩელსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. დღეისთვის ლონდონელთა რიგებში ეს სტატუსი ესპანელ მეკარე კეპა არისაბალაგას აქვს, რომელიც წელიწადში 8.7 მილიონ ევროს იღებს.

ტიმო ვერნერის ამჟამინდელ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 64 მილიონი ევრო.

ფორვარდს ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში 25 გოლი დაუგროვდა და ლიდერ რობერტ ლევანდოვსკის ოთხი გოლით ჩამორჩება.