ტოკიო 2020 | ოლიმპიადა შესაძლოა კრივის გარეშე დარჩეს
ტოკიო 2020 | ოლიმპიადა შესაძლოა კრივის გარეშე დარჩეს

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის“ (სოკი) ხელმძღვანელობამ „სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის“ (აიბა) მართვის, ეთიკისა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხების გამოძიება დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ „აიბამ“ სამოყვარულო კრივის მმართველი ორგანოს სტატუსი საერთოდ დაკარგოს.

„სოკმა“ 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე კრივის ტურნირის საორგანიზაციო გეგმებიც შეაჩერა, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ოლიმპიადა კრივის გარეშე არ დარჩეს.

სკანდალის მთავარი მიზეზი რამდენიმე დღის წინ „აიბას“ თავმჯდომარედ გაფურ რახიმოვის არჩევა გახდა.

საეჭვო რეპუტაციის მქონე ეს უზბეკი ბიზნესმენი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელის საკვანძო ფიგურად“ მოიაზრება და როგორც ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ეს ფაქტი მისი როლის შესახებ გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გახსნა 2020 წლის 20 ივლისს არის დაგეგმილი.