ტიბო კურტუას რიკარდო სამორას ჯილდო გადაეცა
ტიბო კურტუას რიკარდო სამორას ჯილდო გადაეცა

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა რიკარდო სამორას ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც მეკარე, რომელმაც ესპანეთის დასრულებულ ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. ამ ინფორმაციას სამეფო კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ბელგიელი გოლკიპერი ბოლო სეზონში მადრიდელთა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა და 34 მატჩში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ მატჩში 0.59 გოლს უდრის. ამ მონაცემით კურტუამ იან ობლაკს (მადრიდის „ატლეტიკო“) და უნაი სიმონს (ბილბაოს „ატლეტიკი“) აჯობა.

შეგახსენებთ, რომ რიკარდო სამორა ყველა დროის საუკეთესო ესპანელ მეკარედ ითვლება. 1916-38 წლებში ის „ესპანიოლის“, „ბარსელონას“, „რეალ მადრიდისა“ და ფრანგული „ნიცას“, ასევე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

რიკარდო სამორას სახელობის ჯილდოს ესპანური გამოცემა „მარკა“ სეზონის საუკეთესო გოლკიპერს 1958 წლიდან გადასცემს.