ტიაგო სილვამ კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა #1TVSPORT
„ფლუმინენსეს“ მცველმა, ტიაგო სილვამ გააკრიტიკა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილება, რომელიც შემადგენლობაში მასშტაბურ გარდაქმნას ეხება. იტალიელმა სპეციალისტმა ორი დღის წინ გამოაქვეყნა განაცხადი უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის.
„თქვენ გსურთ, ვიცრუო თუ სიმართლე ვთქვა? არ შეიძლება, თავიდან მოიშორო ისინი, ვინც 31, 32 ან 33 წლისაა. 41 წლის ასაკში კინაღამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდი. არ შეიძლება, უარი თქვა მათზე, ვინც კარგ ფორმაშია. ბრაზილიის ნაკრებში ყველაფერი ეტაპობრივად უნდა კეთდებოდეს.
საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება. ძალიან რთულია, იყო ბრაზილიის ნაკრების მოთამაშე. ეს უფრო მეტია, ვიდრე კლუბში ფეხბურთელობა. ის ევროპული ფეხბურთიდან მოვიდა, სადაც ყველაფერი უფრო მარტივია. აქ ეს არ მუშაობს. მე არ მომწონს ასეთი ცვლილებები. არ ვეთანხმები, თუმცა მთავარი მისი სიტყვაა“, – მოჰყავს გაზეთ Globo-ს ტიაგო სილვას სიტყვები.
41 წლის ტიაგო სილვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა საბოლოოდ ტურნირზე ვერ გაემგზავრა. ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა, რის შემდეგაც ანჩელოტიმ განაცხადა, რომ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ნაკრებში თავის გამოჩენის ახალი შანსი ნაკლებად მიეცემოდათ.