The Washington Post-ი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევაზე სტატიას აქვეყნებს
The Washington Post-ი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევაზე სტატიას აქვეყნებს

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, რომ ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატებმა, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში და დადო პირობა, რომ კრემლი ამაზე პასუხს აგებს.

28 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის დროს გაითიშა ათასობით სამთავრობო თუ კერძო ვებგვერდი და შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პენტაგონმა განაცხადეს, რომ ეს შეტევები განახორციელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ, იგივე „გრუ“-მ. კერძოდ, პომპეოს განცხადებაში ხსენებულ შეტევებზე ბრალი Sandworm-ის სახელით ცნობილ რუსულ ჰაკერულ ჯგუფს ედება. განცხადებაში ასევე პირველად მყარდება კავშირი ამ ჯგუფსა და „გრუ“-ს შორის.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი წარმოაჩინოს პასუხისმგებელ მხარედ, და წარმოადგენს რუსეთის „გრუს“ მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების სქემის გაგრძელებას. ამ ოპერაციების მიზანია, დათესოს განხეთქილება, გააღვივოს დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის წინაშე დააყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა პომპეომ.

პომპეოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ასეთი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დებს პირობას, რომ დაეხმარება საქართველოს მომავალში შესაძლო კიბერშეტევებისგან თავის დაცვაში.

პენტაგონის თანახმად, ხსენებული შეტევა „კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა ზიანს აყენებს რუსეთის მავნებელი მოქმედება გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას, ასევე ძირს უთხრის კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ხელყოფს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს“.

„აშშ-ის მთავრობის პოზიცია ნათელია: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მთავარ ინტერესებს და პასუხს ვაგებინებთ რუსეთის ფედერაციას დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც პენტაგონს არ დაუკონკრეტებიათ, რა გზებით უნდა აგებინონ პასუხი რუსეთს.

კიბერუსაფრთხოების ფირმის FireEye დაზვერვის ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროს ჯონ ჰულტკვისტის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ პომპეომ Sandworm ჰაკერები დაუკავშირა „გრუ“-ს ჯგუფს 74455. უფრო ადრე, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2016 წელს ჯგუფი 74455 მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაში.

თავის განცხადებაში ბრიტანულმა მხარემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა „ალბათობის მაღალი ხარისხით“ დაადგინა, რომ ამ შეტევების უკან სწორედ რუსეთი დგას, და რომ შეტევები წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტაბილიზაციისკენ გამიზნული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს“.

„გრუ“-ს თავხედური და უპასუხისმგებლო კიბერშეტევების კამპანია საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში კი დაგმობილია „რუსეთის მავნებლური კიბერსაქმიანობა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამიზნული იყო საქართველოს წინააღმდეგ“.

სტატიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა თავხედური კიბერშეტევა, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფო უწყებებს, მედიას და ბიზნესს. ეს არის მიუღებელი აქტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას“, – ვკითხულობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას „ტვიტში“.

ხსენებული განცხადებები გაჟღერდა მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული შეშფოთების ფონზე, რომელიც ეხება აშშ-ის არჩევნების დაუცველობას ჰაკერული შეტევებისგან.

დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ გააფრთხილა მოსკოვი, არ ჩაერიოს აშშ-ის არჩევნებში. იმავე დღეს ლავროვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცალკე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა, ამჯერად პომპეოს მიერ.