The Times – უეფა და კიდევ ორი საფეხბურთო კონფედერაცია „ფიფა-ს პარალიზებას“ აპირებენ, იგეგმება ალტერნატიული საერთაშორისო ტურნირების ჩატარება #1TVSPORT
ბრიტანული გაზეთის, The Times-ის ინფორმაციით, უეფა, აზიის საფეხბურთო კონფედერაცია და კონკაკაფი (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) მუშაობენ ალტერნატიული საერთაშორისო ტურნირების შექმნაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ჯანი ინფანტინო შეინარჩუნებს ფიფა-ს პრეზიდენტის თანამდებობას.
გამოცემის ცნობით, ამ სამი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აპირებს, მიაღწიოს ფიფა-სგან ინფანტინოს ჩამოშორებას. მათ მოამზადეს რამდენიმე სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ შვეიცარიელი ფუნქციონერი არ გადადგება და 2027 წლის მარტის არჩევნებში მეოთხე ვადით იყრის კენჭს. შესაძლო ნაბიჯებს შორის არის – პარალელური ტურნირების სტარტი. უეფა-ს უკვე აქვს გლობალური ერთა ლიგის პროექტი, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით 2017 წელს შეიქმნა, მაგრამ მისი რეალიზება არ მოხდა. ასევე იგეგმება ფიფა-ს საბჭოს სხდომებისა და ორგანიზაციის გადაწყვეტილებების ბოიკოტი.
ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა: „ყველა დაჟინებით მოითხოვს მის წასვლას, და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ. ეს ეხება მომავალ საერთაშორისო ტურნირებსაც. ვის წინააღმდეგ ურჩევნიათ სამხრეთამერიკულ ნაკრებებს თამაში – საფრანგეთთან და ესპანეთთან თუ ლიბანთან და ჯიბუტისთან? ყველას საბრძოლო განწყობა აქვს, ახლა უკან ნაბიჯები არ იქნება“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა ფიფა-ს გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო FIFA Forward Enterprise-ი (FFE) – ახალი კომერციული სტრუქტურა, რომელსაც მიჰყიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის წილს. მოგვიანებით ინფანტინომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ იდეაზე საფეხბურთო კონფედერაციების მხრიდან კრიტიკისა და უეფა-ს მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის ფონზე.