The Telegraph-მა ჯანი ინფანტინოზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა – შვეიცარიელ ჩინოვნიკს უეფა-ში მუშაობის პერიოდის სასიყვარულო ურთიერთობა გაუხსენეს #1TVSPORT

00:21, 08.08.2026

ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა სკანდალური სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ უეფა-მ ექვსნიშნა ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა თანამშრომელ ქალს, რომელთანაც, სავარაუდოდ, ფიფა-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა უეფა-ში გენერალურ მდივნად მუშაობის პერიოდში.

წყაროს ცნობით, ქალი უეფა-ში ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავებდა, თუმცა სავარაუდო ურთიერთობის პერიოდში ხელმძღვანელ პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო მისი ხელფასი 30%-ით გაიზარდა.

უეფა-დან წასვლის შემდეგ თანამშრომელმა მიიღო, სულ მცირე, ექვსნიშნა ოდენობის კომპენსაცია, ასევე დაფინანსდა მისი სწავლა ბიზნესსკოლაში MBA-ს პროგრამაზე, რომლის ღირებულება წელიწადში დაახლოებით 45 ათას ფუნტს შეადგენდა. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ მოგვიანებით ინფანტინო მას, სავარაუდოდ, ანალოგიურ სფეროში ახალი მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღებაში დაეხმარა.

უეფა-მ დაადასტურა ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდისა და სწავლის დაფინანსების ფაქტი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ყველა გადახდა შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ შიდა წესებს, რომელიც 2016 წელს გამკაცრდა.

„ჩვენთვის ცნობილია ამ ბრალდებების შესახებ და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ პირს ორგანიზაციიდან გათავისუფლებისას გადაეცა თანხა, ასევე ანაზღაურდა მისი სწავლის ხარჯები ადგილობრივ ბიზნესსკოლაში. გადახდა შეესაბამებოდა იმ დროს ორგანიზაციიდან წასული თანამშრომლების მიმართ მოქმედ წესებს“, – ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, სავარაუდო ურთიერთობა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც ინფანტინო უეფა-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, რომ უეფა-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ სიტუაციის შესახებ შეიტყო და მოითხოვა, ორგანიზაცია ინფანტინოს ან თანამშრომელ ქალს დაეტოვებინა. ამის შემდეგ მიღებულ იქნა ქალის წასვლის გადაწყვეტილება – შესაბამისი კომპენსაციის გადახდის შემდეგ.

ინფანტინო უეფა-ში 2000-2016 წლებში მუშაობდა. 2016 წლის თებერვალში ის ფიფა-ს პრეზიდენტად აირჩიეს. 56 წლის შვეიცარიელი დაქორწინებულია ლინა ალ-აშკარზე, რომელსაც ლიბანის ფეხბურთის ფედერაციაში მისი მუშაობის პერიოდში შეხვდა. ისინი 2001 წელს დაქორწინდნენ და ოთხი ქალიშვილი ჰყავთ. გამოცემისთვის უცნობია, იცოდა თუ არა მისმა მეუღლემ სავარაუდო ურთიერთობის შესახებ.

ფიფა-ს წარმომადგენელმა ინფანტინოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.

„ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება არასათანადო ქცევაზე ან წესების დარღვევაზე ცილისმწამებლურია. უეფა-ს ან ფიფა-ს არცერთ თანამშრომელს არასოდეს შეუტანია საჩივარი ბატონი ინფანტინოს ქცევასთან დაკავშირებით, რადგან მასთან დაკავშირებულ ინციდენტს არასოდეს ჰქონია ადგილი. თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი, მათ შორის გათავისუფლებები და კომპენსაციები, უფლებამოსილი ხელმძღვანელების მიერ მტკიცდებოდა ყველა მოქმედი წესის თანახმად“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

The Telegraph-ის სტატია ინფანტინოზე ბოლოდროინდელი ზეწოლის ფონზე გამოქვეყნდა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ფიფა-ს ახალი კომერციული პროექტი ჩავარდა. ის ითვალისწინებდა შვილობილი სტრუქტურის, FIFA Forward Enterprise-ის შექმნას, რომელსაც ფიფა-ს მთავარი ტურნირების კომერციულ ინტერესებზე უნდა ეზრუნა. უეფა-სა და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ ფიფა-მ ამ ინიციატივაზე უარი თქვა.

მსგავსი