The New York Post – ტრამპს სურს, ჯანი ინფანტინოს კანდიდატურა წამოაყენოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის წამოყენებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The New York Post-ი.
წყაროს ცნობით, ტრამპს მიაჩნია, რომ ინფანტინოს გააჩნია თვისებები, რომელიც აუცილებელია ამ როლისთვის. კერძოდ, ფიფა-ს პრეზიდენტი „დიდი პატივისცემით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და შეუძლია ადამიანების გაერთიანება“. ტრამპი ასევე ფიქრობს, რომ შვეიცარიელ საფეხბურთო ფუნქციონერს მაღალი შანსები ექნება თანამდებობის დასაკავებლად.
აღნიშნავენ, რომ ტრამპი და ინფანტინო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ორგანიზებისას დაახლოვდნენ. 2025 წლის დეკემბერში ინფანტინომ აშშ-ის პრეზიდენტს ფიფა-ს მშვიდობის პრემია გადასცა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში პოსტს დეკემბერში დატოვებს. გენერალური მდივნის თანამდებობის მისაღებად კანდიდატმა უნდა მიიღოს გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერა, მათ შორის ვეტოს უფლების მქონე ხუთი მუდმივი პირის, შემდეგ კი ის უნდა დაამტკიცონ გენერალურ ასამბლეაზე.
„ფიფა-ს პრეზიდენტისა და გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის თანამდებობებს შორის არის გარკვეული მსგავსება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თქვენ გიწევთ მუშაობა 193 წევრ ქვეყანასთან, ფიფა-ში 200-ზე მეტი წევრია და ინფანტინოს შთამბეჭდავი ისტორია ამტკიცებს, რომ მას შეუძლია მსგავსი სტრუქტურების მართვა“, – მოჰყავს The New York Post-ს გლობალური პარტნიორობის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პაოლო ძამპოლის სიტყვები.
აღნიშნავენ, რომ ინფანტინოს დანიშვნა დაეხმარება დონალდ ტრამპს, დაალაგოს ურთიერთობა გაერთიანებულ ერებთან. ამასთან, თავად შვეიცარიელის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია.