The Athletic-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი გამოაქვეყნა – ლიდერი ჰარი კეინია, ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT
2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებამდე ექვსი დღით ადრე ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Athletic-მა ჯილდოს მთავარი ფავორიტების საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.
გამოცემის შეფასებით, პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტი მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინია. მეორე პოზიციას მისი თანაგუნდელი, ფრანგი მაიკლ ოლისე იკავებს, ხოლო საუკეთესო სამეულს „ბარსელონას“ ესპანელი შემტევი ლამინ იამალი ასრულებს.
The Athletic-ის შეფასებაში განსაკუთრებული ყურადღება კეინის შედეგიანობას ეთმობა. 2025/26 წლების სეზონში ინგლისელმა თავდამსხმელმა კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 65 მატჩი ჩაატარა და 73 გოლი გაიტანა. მან ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ხუთ შეხვედრაში ექვსჯერ გამოიჩინა თავი, გერმანიის თასის ფინალში კი ჰეთთრიქი შეასრულა.
რეიტინგის განახლებულ ვერსიაში ლამინ იამალმა მეშვიდე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო მიუნხენის „ბაიერნის“ კოლუმბიელი ფეხბურთელი ლუის დიასი მერვე ადგილზეა.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში, „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. წელს ჯილდო 70-ედ გაიცემა და ცერემონიას პირველად დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს. „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელეა.
„ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგი The Athletic-ის მიხედვით:
1. ჰარი კეინი – „ბაიერნი“, ინგლისი
2. მაიკლ ოლისე – „ბაიერნი“, საფრანგეთი
3. ლამინ იამალი – „ბარსელონა“, ესპანეთი
4. კილიან მბაპე – „რეალი“, საფრანგეთი
5. როდრი – „ბარსელონა“, ესპანეთი
6. ერლინგ ჰალანდი – „მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია
7. ხვიჩა კვარაცხელია – „პარი სენ-ჟერმენი“, საქართველო
8. ლუის დიასი – „ბაიერნი“, კოლუმბია
9. ჯუდ ბელინგემი – „რეალი“, ინგლისი
10. ლიონელ მესი – „ინტერ მაიამი“, არგენტინა