The Athletic-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ დატოვებს და შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
The Athletic-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ დატოვებს და შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ დატოვებს, — ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 64 წლის იტალიელი სპეციალისტის სურვილია, კარიერა ბრაზილიის ნაკრებში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ესპანური გრანდის დატოვებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.

ბოლო დღეებში ბრაზილიური პრესაც აქტიურად წერდა, რომ ფედერაცია სწორედ ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავს და მის სურვილსაც იზიარებს. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო გრანდი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია მას შემდეგ, რაც დორივალ ჟუნიორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თავად ანჩელოტი ამ თემაზე საჯაროდ ჯერ არ საუბრობდა, თუმცა მის გარემოცვაში ამბობენ, რომ ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა მისთვის „ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია“.

ანჩელოტიმ „რეალში“ მიმდინარე სეზონშიც მიაღწია წარმატებებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ლა ლიგის მოგებისთვის ჯერ კიდევ იბრძვის და ესპანეთის თასის ფინალშიცაა გასული.

„რეალში“ იტალიელის შესაძლო შემცვლელად ხაბი ალონსო სახელდება. ბოლო დროს ასევე გაიჟღერა იურგენ კლოპის სახელმაც, რომელიც ამჟამად „რედ ბულის“ პროექტშია დასაქმებული.

ანჩელოტი „რეალში“ პირველად 2013-2015 წლებში მუშაობდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეათედ მოაგებინა. მეორედ გუნდი 2021 წელს ჩაიბარა და ამ დროის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა კიდევ ორჯერ მოიგო.