თეთრი სახლის პრესმდივანი - რუსეთის მიერ „თალიბანისთვის“ ამერიკელი ჯარიკაცების მკვლელობის სანაცვლოდ ჯილდოს დაწესების შესახებ ინფორმაციაზე სადაზვერვო უწყებებში კონსენსუსი არ არსებობს
თეთრი სახლის პრესმდივანი - რუსეთის მიერ „თალიბანისთვის“ ამერიკელი ჯარიკაცების მკვლელობის სანაცვლოდ ჯილდოს დაწესების შესახებ ინფორმაციაზე სადაზვერვო უწყებებში კონსენსუსი არ არსებობს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „თალიბანის“ მებრძოლებისთვის ამერიკელი ჯარიკაცების მკვლელობის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აშშ-ის სადაზვერვო უწყებებში კონსენსუსი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკინენმა გააკეთა. ინფორმაციას „სიბიესნიუსი“ ავრცელებს.

„ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტს რუსეთისადმი ამ საკითხზე სპეციალური გზავნილი არ აქვს. თუმცა, ​მაინენმა იქვე შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ტრამპმა რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია არაერთხელ დაიკავა.

„ასობით რუსს დაუწესდა სანქციები, გააძევეს ათობით დიპლომატი, დახურეს რუსეთის ორი საკონსულო. აშშ გავიდა საშუალო და მცირე მანძილზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან და სხვა ნაბიჯებიც გადადგა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

თალიბი მებრძოლებისთვის ამერიკელი სამხედროების მკვლელობის სანაცვლოდ ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ ცნობა „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელეს. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს გახდა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობის მიზეზი.

მომხდართან დაკავშირებით კონგრესმა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ რუსეთის მხრიდან თალიბებისთვის დაწესებული ჯილდოს შესახებ მისთვის არ შეუტყობინებიათ და ეს იმის გამო მოხდა, რომ აღნიშნული ცნობები სანდრო არ ყოფილა.