თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ავღანეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ რუსეთის მიერ „თალიბებისთვის“ ანაზღაურების შეთავაზების შესახებ დონალდ ტრამპს დაზვერვამ ინფორმაცია მიაწოდა
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ავღანეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ რუსეთის მიერ „თალიბებისთვის“ ანაზღაურების შეთავაზების შესახებ დონალდ ტრამპს დაზვერვამ ინფორმაცია მიაწოდა

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია ავღანეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ რუსეთის მიერ „თალიბებისთვის“ ანაზღაურების შეთავაზების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაილი მაკენანიმ განაცხადა.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახურებს შორის კონსენსუსი არ არის და ის ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.

მანამდე, თეთრ სახლში აცხადებდნენ, რომ არც პრეზიდენტსა და არც ვიცე-პრეზიდენტს ავღანეთში რუსების მხრიდან ამერიკულ ძალებზე თავდასხმების შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან არ მიუღიათ.

გასულ კვირაში გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე ავღანეთში კოალიციურ ძალებზე, მათ შორის ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის სანაცვლოდ „თალიბებს“ ანაზღაურებას სთავაზობდა. მედიასაშუალების ცნობით, სადაზვერვო სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაწოდა.