„თეთრი ფენიქსი“ ჩემპიონია - ჰაკუჰო-შოს 44-ე იუ-შო
„თეთრი ფენიქსი“ ჩემპიონია - ჰაკუჰო-შოს 44-ე იუ-შო

ოსაკაში გამართული წლის მეორე სუპერტურნირი ლეგანდარული ჰაკუჰოს ტრიუმფით დასრულდა.

შეჯიბრის ბოლო დღეს, უმაყურებლო დარბაზში ერთმანეთს საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდა ორი მონღოლი იოკოძუნა: ჰაკუჰო და კაკურიუ.

ტურნირის მე-15 დღეს ორივე იოკოძუნას თანაბარი ბალანსი 12:2-თან ჰქონდა და შესაბამისად ჩემპიონის ბედიც მათ უშუალო დაპირისპირებაში გადაწყდა.

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ჩემპიონის მხარეს იყო, აქამდე გამართულ 51 დაპირისპირებაში ჰაკუჰომ თანამემამულეს 43 ჯერ მოუგო. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა,„თეთრმა ფენიქსმა“ „წერო-დრაკონი“ იორიკირის ილეტით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა და კარიერაში 44-ედ მოიგო იმპერატორის თასი, რაც აბსოლუტური რეკორდია. მსგავს მაჩვენებელთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა სუმოს ისტორიაში.

ჰაკუჰომ იმპერატორის და პრემიერ მინისტრის თასები უმაყურებლო დარბაზში ჩაიბარა.

კორონავირუსის პრევენციის გამო, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი დაჯილდოების ცერემონიალში. გაუქმდა თავ ახდილი მანქანით საჩემპიონო მსვლელობაც.

რაც შეეხება სხვა ჯილდოებს. იაპონიის სუმოს ასოციაციამ გაზაფხულის ბაშოზე კიდევ სამი მებრძოლი გამოარჩია და სპეციალური პრიზები გადასცა:

შუკუნ-შო – ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი ახალგაზრდა, 23 წლის მეხუთე მაეგაშირა ონოშომ მიიღო

კანტო-შო – მებრძოლი სულის ჯილდო მეცხრე მაეგაშირა ტაკანოშოს გადაეცა

ჯინო-შო – ტექნიკური მებრძოლის პრიზი კი ბულგარელმა მე-13 მაეგაშირამ აოიამამ დაიმსახურა.

წლის მესამე სუპერტურნირი მაისში ტოკიოში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი