თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის
კიევისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ განიხილავს, მაგრამ ვაშინგტონი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს უკრაინისთვის ისეთი სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომელსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლია. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრესმდივანს ჰკითხეს, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებაში.
თეთრი სახლის პრესმდივანმა შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა: „უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ სისტემების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია; მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ არ გავგზავნით შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, ბრძოლის ველს მიღმა გამოყენებისთვის. ახლა რაიმე სპეციფიკური დეტალის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა პრესმდივანმა.