ტესტმატჩი „ვიტ ჯორჯიასთან“
ტესტმატჩი „ვიტ ჯორჯიასთან“

თბილისის „დინამომ“ სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენება ამხანაგური შეხვედრით შეავსო – კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ მატჩში „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და დაამარცხა.

დინამოელებს ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული და მცირედ ტრავმირებული რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ. ამის გამო გუნდის მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა შემადგენლობა 19 წლამდე გუნდიდან შეავსო.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში და მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი კუხიანიძემ მეკარეს ვერ აჯობა. ანგარიში 32-ე წუთზე აკაკი შულაიამ გახსნა. მეორე გოლი დინამოელებმა 61-ე წუთზე გაიტანეს – მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა მათე კვირკვიამ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.

„დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის უახლოეს შეხვედრას 19 ოქტომბერს გამართავს და თბილისურ დერბიში „დინამო-არენაზე“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.