ტერუნოფუჯი 73-ე იოკოძუნა გახდა #1TVSPORT
ტერუნოფუჯი 73-ე იოკოძუნა გახდა #1TVSPORT

სუმოს უმაღლესი (მაკუუჩი) დივიზიონის ოთხგზის ჩემპიონ ტერუნოფუჯის დღეს ოფიციალურად მიანიჭეს უმაღლესი – დიდი ჩემპიონის, ანუ იოკოძუნას რანგი. მონღოლი გახდა პირველი რიკიში ბოლო ოთხწელიწადნახევარში, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა. 72-ე იოკოძუნა იაპონელი კისენოსატო იყო.

გასულ უქმეებზე ტერუნოფუჯის მეხუთე ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ნაგოა ბაშოს ფინალურ დღეს თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა და სუპერტურნირი 14 გამარჯვებითა და ერთადერთი მარცხით დაასრულა.

„აუცილებლად შევინარჩუნებ გამარჯვების სურვილს და იოკოძუნას რანგში ვეცდები უფრო ძლიერი და ღირსეული დავბრუნდე,“ – განაცხადა მონღოლმა რანგის მიღების ცერემონიისას.

ტერუნოფუჯის ივლისის ბაშოზე იოკოძუნას რანგის მისაღწევად ჩემპიონობა, ან ჩემპიონის შესაფერისი ასპარეზობა სჭირდებოდა. ფინალურ დღეს მარცხის მიუხედავად მან სუმოს სამყაროს დაუმტკიცა, რომ უმაღლეს პოზიციას იმსახურებს.

„ტერუნოფუჯიმ ძალიან კარგად იასპარეზა. მან ყოველდღიურად ძალიან ბევრი იმუშავა ამ წარმატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს და იოკოძუნას პოზიციაში კიდევ უფრო მყარად იასპარეზებს,“ – თქვა მისი სკოლის ხელმძღვანელმა ისეგაჰამამ.