თერთმეტმა ევროპარლამენტარმა ფედერიკა მოგერინის საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით წერილით მიმართა
თერთმეტმა ევროპარლამენტარმა ფედერიკა მოგერინის საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით წერილით მიმართა

თერთმეტი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინოს.

ფედერიკა მოგერინისადმი წერილში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ შეფასება 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკულია.

„არჩვენების შემდეგ შედგენილ ანგარიშში მთავარი შეშფოთების საგანია ხმების ფართომასშტაბიანი ყიდვა, არჩევანის გამო შურისძიების შიში, ასევე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება. მეტიც, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში საუბარი იყო არჩევნების კონტექსტში ზეწოლასა და დაშინებაზე, განსაკუთრებული შემთხვევა კი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლა იყო, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მას ინსულტი დაემართებოდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ორივე ანგარიში მათთვის საგანგაშოა. მათი თქმით, როგორც საქართველოს მეგობრებს, სურთ, ევროპულმა ქვეყანა საქართველომ რეფორმების გზა გააგრძელოს და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„პოლიტიკურ სტაბილურობასა და ცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე სანდო ორგანიზაციებმა, როგორიცაა ვენეციის კომისია, საქართველოს სანდო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მთავარ სისტემურ პრობლემად საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემა დაასახელეს. მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის ნაცვლად 2024 წლისთვის გადავადდეს, ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და სანდო სამოქალაქო საზოგადოებამ მოუწოდეს მთავრობას, ჩართულიყო დიალოგში უკვე 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამ მიმართულებით მსგავსი დიალოგი და საბოლოო კომპრომისი გარდაუვლად შეამცირებს საქართველოში არსებულ უკიდურეს პოლარიზაციას.

მაშასადამე, ჩვენ მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ საქართველოს მთავრობაზე, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

წერილს ხელს აწერენ ანა გომესი, მაიკლ გალერი, რებეკა ჰარმსი, ნატალი გრისბექი, ჯული უორდი, ალინ სმითი, ტუნ კელამი, ბარტ სტაესი, ტანია გონსალეს პენია, ხოსე ინაციო ფარია და ჟან ლამბერტი.