ტერეზა მეის აზრით, რაც უფრო დიდი დრო დასჭირდება კომპრომისის მიღწევას ბრექსიტზე, ნაკლებად სავარაუდოა, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვოს
ტერეზა მეის აზრით, რაც უფრო დიდი დრო დასჭირდება კომპრომისის მიღწევას ბრექსიტზე, ნაკლებად სავარაუდოა, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვოს

რაც უფრო დიდი დრო დასჭირდება ოპოზიციურ „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ბრექსიტთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევას, მით ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებაში, რომელიც დაუნინგ სტრიტის ოფისმა გაავრცელა.

„ფაქტია, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით არის სფეროები, სადაც ორი მთავარი პარტია თანხმდება, ჩვენ ორივეს გვინდა თავისუფალი გადაადგილების დასრულება, ორივეს გვინდა გასვლა კარგი შეთანხმებით და ორივეს გვინდა სამუშაო ადგილების დაცვა“, – ნათქვამია ტერეზა მეის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საკმარისი საფუძველია კომპრომისისთვის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად, ხმების უმრავლესობის მოპოვება კი ევროკავშირიდან გასვლის ერთადერთი გზაა.

„რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს, მით უფრო დიდია რისკი იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო საერთოდ არასდროს გავა ევროკავშირიდან“, – აღნიშნავს ტერეზა მეი.

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას რამდენჯერმე მხარი არ დაუჭირა, ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებს ბრექსიტის 30 ივნისამდე გადავადება სთხოვა.