ტერეზა მეი პარლამენტს ბრექსიტთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის გამართვაზე კენჭისყრას დაპირდა
ტერეზა მეი პარლამენტს ბრექსიტთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის გამართვაზე კენჭისყრას დაპირდა

ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი პარლამენტს ბრექსიტთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის გამართვაზე კენჭისყრას დაპირდა. მეის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანონმდებლები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ.

„მეორე რეფერენდუმთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყველასთვის ნათელია. ბრიუსელთან მიღწეულ დოკუმენტში ჩვენ ჩავწერთ, რომ პარლამენტს მეორე რეფერენდუმთან დაკავშირებით კენჭისყრის უფლება ექნება, თუმცა მანამდე რეფერენდუმის მხარდამჭერებმა აღნიშნულ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ გამოსვლის დროს.

„ბიბისის“ ცნობით, ამ ხერხით პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უკვე სამჯერ უარყოფილ შეთანხმებაზე მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. მაშინ საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათგან 51,9 პროცენტმა ევროპული გაერთიანების დატოვებას დაუჭირა მხარი.