ტერეზა მეი ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივებას გამორიცხავს
ტერეზა მეი ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივებას გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივებას გამორიცხავს.

ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ბრიუსელს ტექნიკური დეტალების დაზუსტების ან სხვა საბაბით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს, პროცესი შესაძლოა, ივლისამდე გადაიდოს.

თუმცა, ტერეზა მეის განცხადებით, ეს გამორიცხულია და ქვეყანა ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.

ქალაქ სტოკში სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ ყურადღება ხვალ, 15 იანვარს თემთა პალატაში ჩანიშნულ კენჭისყრაზე გაამახვილა, სადაც ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების ბედი უნდა გადაწყდეს. პრემიერის თქმით, თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ და ქვეყანა ევროკავშირის დატოვებას ვერ შეძლებს, შედეგი კატასტროფული ზიანის მომტანი აღმოჩნდება, რადგან პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეთა ნდობა შეირყევა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს საღამოს კენჭისყრასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებასაც გეგმავს.

ტერეზა მეი მიესალმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში ირლანდიის საზღვარზე დროებითი ზომები მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს და არ იქნება უვადო.