ტერაქტში ბრალდებულს ფინეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ტერაქტში ბრალდებულს ფინეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

2017 წლის აგვისტოში ფინეთის ქალაქ ტურკუში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ბრალდებულ პირს ვარსინაის-სუომის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. იგი მაროკოს მოქალაქე აბდერახმან ბუანანია.

სასამართლომ ბუანანს დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის სახით 450 ათასი ევროს გადახდაც დააკისრა.

2017 წლის 18 აგვისტოს 23 წლის აბდერახმან ბუანანი ტურკუს მთავარ მოედანზე რამდენიმე ქალს ცივი იარაღით თავს დაესხა. მან რვა ქალს და მათ დასახმარებლად მისულ ორ მამაკაცს მძიმე ჭრილობები მიაყენა. ორი მათგანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პოლიციამ თავდამსხმელი ფეხის არეში დაჭრა.

აბდერახმან ბუანანი, რომელიც მაროკოდან ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნით 2016 წელს ჩავიდა, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. მან აღიარა, რომ ტერაქტი სწორედ დაეშის დავალებით განახორციელა.