თეონა ბაქრაძის დუბლით საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვასთან ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ლიეტუვასთან მატჩით გახსნა და ქულა მოიპოვა – 2:2.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრა ირის ანტმანის გუნდმა კარგად დაიწყო და თავიდანვე ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მე-12 წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ანა ჩემინავამ მეტოქეს ბურთი აართვა და თეონა ბაქარაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდი დააწინაურა.

მე-19 წუთზე თინათინ ამბალიამ მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი გადაცემით ბაქარაძე ისევ მეკარესთან დატოვა და ჩვენმა თავდამსხმელმა დუბლით გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ერთ წუთში ლიეტუველებმა საქართველოს ნაკრების დაცვის შეცდომით ისარგებლეს და უგნე ლაზდაუსკაიტემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ამის შემდეგ სტუმრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ტაიმი ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო. შესვენების შემდეგ ლიეტუველებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – 59-ე წუთზე ანგარიში რიმანტე იონუშაიტემ გაათანაბრა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 აპრილს ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში ბელარუსთან გამართავს.