„ტენერიფეს“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება და შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული (ვიდეო)

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ხუვენტუდს“ უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 86:82 გაიმარჯვა.

ეს გახლდათ „ტენერიფეს“ ზედიზედ მე-5 მოგება და შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ ტურის მატჩები სათამაშო აქვთ ასევე დაუმარცხებელ „ბარსელონასა“ და „რეალს“, რომლებიც „იბეროსტარს“ ჯერჯერობით არ რჩებიან.

თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი თამაშის წყალობით, გადამწყვეტ წუთებში ტენერიფელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. შერმადინმა მასპინძელთა რიგებში საბოლოოდ ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და რაღა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 28 წუთი გაატარა. გიორგის არ ჰქონია ცენტრისთვის დამახასიათებელი ბევრი მოხსნა, თუმცა 16 ქულა მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტით ყველას აჯობა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, რასაც მეტოქის ფარზე მოპოვებული 2 მოხსნა და 1 გადაცემა მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 25 ერთეული შეადგინა, რაც მატჩში საუკეთესო არ ყოფილა (ხუვენტუდელ ანტე ტომიჩს 35 დაუგროვდა), თუმცა გამარჯვებულთაგან ეს შედეგი ვერავინ გადაფარა და MVP-ის მორიგი ტიტულიც ქართველმა დაისაკუთრა.

შემდეგი ტურის მატჩს ტენერიფელები მალაგაში, შერმადინის ყოფილ გუნდ „უნიკახასთან“, 25 ოქტომბერს გამართავენ.

gbf.ge