„თემურ, სად დამალე ქეცბაია?“ - კვიპროსული გამოცემის მტკიცებით, ქართველის გუნდში კრიზისია
„თემურ, სად დამალე ქეცბაია?“ - კვიპროსული გამოცემის მტკიცებით, ქართველის გუნდში კრიზისია

კვიპროსულმა ვებ-გვერდის „სიგმალაივის“ მტკიცებით, თემურ ქეცბაიას გუნდში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ კრიზისია. გამოცემამ ამის თაობაზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით – „თემურ, სად დამალე ქეცბაია?“

„პირველი რვა ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 19 ქულით გალიდერდა. მაგრამ შემდეგ ექვს შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 8 ქულა დააროვა და მესამე ადგილზე დაქვეითდა. გუნდში კრიზისია, საიდანაც გამოსავალს ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ. ფაქტებს მივყავართ დასკვნამდე, რომ გუნდმა დაკარგა (თითქმის) ყველაფერი, რაც თემურ ქეცბაიას გუნდს ახასიათებს“, – წერს გამოცემა.

სიგმალაივი“ ამის დასტურად რამდენიმე ფაქტს ასახელებს: „გუნდი დაბრკოლებების გადალახვის უნარს ვერ ავლენს. მაშინაც კი, როდესაც გუნდს ხარისხი არ აკლდათ, ქეცბაიას გუნდებში იყვნენ პიროვნებები, გუნდი ხასიათსა და ძალას ავლენდა. მიმდინარე ჩემპიონატში „ანორთოსისმა“ პირველი გოლი ექვსჯერ გაუშვა, მაგრამ იმ მატჩებში მოგება ვერ შეძლო. ამას გარდა, გუნდს სტუმრად გამარჯვებაც უჭირს, რაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის სერიოზული პრობლემაა. ქეცბაიას ხელში ფეხბურთელები მუდამ იზრდებოდნენ. ახლა კი ქვილითაიასა და მანიასის გარდა, არცერთი მოთამაშე არ გამოიყურება უკეთ, ვიდრე – გასულ სეზონში. პირიქით, ბევრი შარშანდელთან შედარებით უარესად თამაშობს“.