თემურ ქეცბაია – ვილნიუსის შემდეგ „სპაერთან“ მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „სპაერთან“ მოგების (2:1) შემდეგ „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.
„ამ თამაშის მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა – არა მხოლოდ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში პოზიციის გასამყარებლად, არამედ ვილნიუსში განცდილი მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პირველ ტაიმში სასურველი თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ტაქტიკა შევცვალეთ, სამ მცველზე გადავედით, მოედანზე ახალი ფეხბურთელები შევიყვანეთ და, ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.
არ იყო ადვილი თამაში, „სპაერი“ ძალიან კარგი გუნდია, ეტყობა, რომ კარგად მუშაობენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი ქულა ავიღეთ. წინ რთული თამაშები გველის, ერთ კვირაში „რუსთავს“ ვხდებით, რომელიც სამაგალითო გუნდია, მეორე ლიგიდან გადმოვიდა და ჩემპიონატის ლიდერია“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.