თემურ ქეცბაია - საუდელ მფლობელებს „ნიუქასლში“ ვარსკვლავების მისაყვანად ორჯერ მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ
თემურ ქეცბაია - საუდელ მფლობელებს „ნიუქასლში“ ვარსკვლავების მისაყვანად ორჯერ მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ

„ნიუქასლს“ ორჯერ მეტი ხელფასის გაცემა მოუწევს, თუკი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ჩაყვანა სურს. ეს ადგილობრივებისთვის საკულტო ფიგურის – თემურ ქეცბაიას სიტყვებია, რომლებიც „სან“-ის (TheSun) ჟურნალისტ რობერტ ო’კონორთან ინტერვიუში თქვა.

ტემპერამენტით გამორჩეული ქეცბაია, რომელმაც მაყურებელს 1998 წელს გატანილი გოლის აღნიშვნით დაამახსოვრა თავი, როდესაც სარეკლამო ბილბორდს ბოლო წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ფეხი დაარტყა, „ნიუქასლში“ სამი სეზონის მანძილზე ირიცხებოდა.

ქართველმა კლუბთან კონტრაქტი 1997 წელს გააფორმა. ეს მაშინ, როდესაც „ნიუქასლი“ პრემიერლიგის მეორეადგილოსანი იყო – მსგავსი შედეგი მათ უკვე ოც წელზე მეტია არ დაუფიქსირებიათ.

ქეცბაია ფიქრობს, რომ „ნიუქასლი“ საუდელი ინვესტორების ხელში კვლავ ტოპ კლუბი გახდება, მაგრამ არის ერთი ფარული რეალობა, რომელიც მათ უნდა გაითვალისწინონ.

„ლონდონური კლუბებისთვის ყველაფერი ბევრად მარტივია. საუკეთესო ფეხბურთელებს, ხელფასის გარდა, ლონდონში ცხოვრებაც სურთ. იმავე ფეხბურთელის შეძენა „ნიუქასლს“ ორჯერ ძვირი დაუჯდება. ახალი მფლობელები ამ პრობლემას გადააწყდებიან, მაგრამ თუ ფული გაქვს, რატომაც არა? დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი კვლავ იბრძოლებს ტიტულისთვის,“ – განაცხადა ქეცბაიამ.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ქომაგებს ძალიან უყვარდათ. პირველი გოლი მან ზაგრების „დინამოსთან“ მატჩის ბოლო წუთზე გაუტანა, რითაც „ნიუქასლს“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ისტორიაში პირველად გაუნაღდა.

ქეცბაიას აზრით, „ნიუქასლს“ ელიტაში დაბრუნებაში კიდევ ერთი ფაქტორი დაეხმარება –

„ნიუქასლი“ დიდი კლუბია. მათ საყურებლად ყველა თამაშზე 50,000 ადამიანი დადის. ასეთი მხარდაჭერის პირობებში გუნდის აშენება უფრო მარტივია.“

ქეცბაიამ ინგლისურ კლუბში 109 თამაში ჩაატარა და იხსენებს, რომ არც თუ ისე წარმატებული სეზონების მიუხედავად, ხელმძღვანელობა საქმეს პროფესიონალურად უდგებოდა.

„ჩემთან ათენში სასაუბროდ კლუბის თავჯდომარე და ტექნიკური დირექტორები ჩამოვიდნენ. ოთხი ან ხუთი ადამიანი. გაოცებული ვიყავი. სასტუმროშივე მოვაწერე კონტრაქტს ხელი. გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები დამხვდნენ და მათი უმთავრესი კონკურენტიც ტიტულისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო,“ – იხსენებს ქართველი სპეციალისტი.

„ნიუქასლი“ ორჯერ დაქვეითდა – 2009 და 2016 წლებში. აღნიშნულს ქომაგები მაშინდელ მფლობელს, მაიკლ ეშლის აბრალებდნენ. ქეცბაია მათ ბოლომდე არ ეთანხმება –

„რთულია საქმის კეთება, როდესაც კომუნიკაციაში პრობლემებია. არ მჯერა, რომ ეშლიმ კლუბი დასაშლელად იყიდა. უბრალოდ, მაშინ წინსვლისთვის საკმარისი ფული არ იყო.“