თემურ ქეცბაია - სამწუხაროა, რომ შვიდკაციან „აპოელს“ მხოლოდ ერთხელ გავუტანეთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - სამწუხაროა, რომ შვიდკაციან „აპოელს“ მხოლოდ ერთხელ გავუტანეთ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მოგება შეაფასა „აპოელთან“ კვიპროსის თასის სკანდალური მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში. პირველი მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდმა გასვლაზე 1:2 წააგო, განმეორებითი კი 1:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ „აპოელმა“ თამაში 7 მოთამაშით დაასრულა, რადგან შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნიქოზიელების 4 ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ერთადერთი დადებითი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. სამწუხაროა, რომ ასეთი რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, მეტოქეს 4 მოთამაშე გაუძევეს, მაგრამ თამაშის ბოლომდე დაძაბულები ვიყავით. გუნდმა ეს ეტაპი გაიარა და ახლა ნახევარფინალში წილისყრას დაველოდებით“, – განაცხადა მან დასაწყისში. ქეცბაიას თქმით, გუნდს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაში ხელი მოთამაშეთა ეგოისტურმა დამოკიდებულებამ შეუშალა:

„მოთამაშეები საღი გონებით არ თამაშობდნენ. პრაგმატული საფეხბურთო აზროვნება ბევრს დააკლდა. თუმცა ბევრი რეალური საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ ყოველ ასეთ შანსზე ბურთს ზედმეტად ვაყოვნებდით. რამდენიმე დღის წინ „აპოელი“ სრული შემადგენლობით ჩემპიონატში 4:1 დავამარცხეთ, ახლა კი11 ფეხბურთელით შვიდკაციან „აპოელს“ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ გავუტანეთ. ყველა მეორე გოლის გატანას და გმირობას ცდილობდა, მაგრამ ეს არავის გამოუვიდა“.

ქეცბაიამ თავი აარიდა კითხვას, რას ფიქრობდა მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე, როდესაც გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს მეტოქე ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. ამას გარდა, ქეცბაიას კითხვა მეტოქის ოთხი მოთამაშის გაძევებაზეც დაუსვეს.

„მატჩის დასრულების შემდეგ პირდაპირ გასახდელში წავედი. ნამდვილად არ მინახავს, რა მოხდა. თუმცა გავიგე და ეს ნამდვილად არ იყო კარგი ფაქტი, მაგრამ მსგავსი რამ პირველად არ ხდება. ფეხბურთი ემოციური სახეობაა და ასეთი შემთხვევებისგან დაცული არავინაა, მაგრამ „აპოელის“ მოთამაშეთა გაძევების მომენტები ტელევიზორში ვნახე და ვფიქრობ, მსაჯი მართალი იყო. როდესაც თამაშში ოთხ ფხბურთელს აძევებენ, რაც არ უნდა თქვან, შემთხვევითი არაა“, – განაცხადა ქეცბაიამ.