თემურ ქეცბაია - მიზნის მისაღწევად ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ უშუალო კონკურენტ ლარნაკას აეკ-თან კვიპროსის ჩემპიონატში შეხვედრა წააგო (0:1), რამაც თემურ ქეცბაიას გუნდს ევროთასების გასვლის შანსი შეუმცირა, ქართველმა მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა.
„ძალიან მაღალი დონის თამაში იყო, ორივე გუნდმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ იღბალმა არ გაგვიღიმა და წავაგეთ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ პირველ ექვს თამაშში ოთხი ფრედ დავასრულეთ. ახლა სახლში ვითამაშებთ და გვსურს, რომ გულშემატკივრების თანადგომით დავაგროვოთ ის ქულები, რომელიც ევროსაგზურის მოსაპოვებლად გვჭირდება.
იმედი ჯერ კიდევ არის, რადგან ყველა გუნდი ცხრილში ერთმანეთთან ახლოს ვართ. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთმა ფეხბურთელმა ყველაფერი მოსაგებად არ გაიღო. ზოგიერთ ეპიზოდებში ჩვენ მოედანზე „არ ვიყავით“. ვცდილობდით, რომ მატჩის მსვლელობა შეგვეცვალა. გოლი მატჩის ბოლოს გავუშვით, როდესაც მეტოქეზე უკეთესად გამოვიყურებოდით და პენალტის დანიშვნის საფუძველი არ იყო.
დღეს ხელიდან გავუშვით შანსი, რომ „ანორთოსისს“ ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი მოედანზე „არ იყო“ და ბუნებრივია, რომ მეტოქეს ამ ეპიზოდებში უპირატესობა ჰქონდა.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფინალურ ექვსეულში არსებული შედეგები არ აკმაყოფილებს, „ანორთოსისია“. ზოგიერთმა ქულები იოლად მიიღო. დღეს არ ვარ დარწმუნებული, რომ აეკ-ი უკეთესი იყო, მაგრამ გოლი მათ გაიტანეს. დასანანი და პარადოქსულია, რომ მატჩები მაშინ წავაგეთ, როცა მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. მაგრამ დაგვრჩა თასის თამაშები, გვაქვს მიზანი და მათ მისაღწევად ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება“, – ამბობს ქეცბაია.
„ანორთოსისი“ 28 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერს, „აპოლონს“ (51 ქულა) ვეღარ დაწევა, „აპოელს“ (50 ქულა) შესაძლოა, ქულებით გაუთანაბრდეს, ხოლო მესამეადგილოსან ლარნაკას აეკ-ს (46) ჯერ კიდევ შეიძლება გადაასწროს. მეორე ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას პირველ ორ ადგილზე გასული კვიპროსული გუნდები მოიპოვებენ.