თემურ ქეცბაია - მე ვარ საუკეთესო მწვრთნელი, ვისაც კვიპროსულ ფეხბურთში უთამაშია #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მე ვარ საუკეთესო მწვრთნელი, ვისაც კვიპროსულ ფეხბურთში უთამაშია #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიდერ ლიმასოლის „აპოლონთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ემოციურად ისაუბრა:

„სამწუხაროა, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ. ორი შეხვედრაა, გოლებს ბოლო წუთებზე ვუშვებთ. ეს არის წლევანდელი გუნდის მთელი ისტორია. სადაც ბოლო წუთებში გვქონდა მოგების და სათავეში გადასვლის შესაძლებლობა, იღბალი ჩვენს წინააღმდეგ აღმოჩნდა. ეს თამაში იოლი არ იყო თასზე იმედგაცრუების შემდეგ. „აპოლონი“ ორი კვირაა უთამაშებელია. შედეგის მისაღებად კი გამართლება აუცილებელია. მეორე ტაიმში საუკეთესო შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ გოლის გასატანად კლასი არ გვეყო.

– ხალხის კრიტიკას რაც შეეხება, მოვიდნენ კვიპროსელი ფეხბურთელების მხარდასაჭერად. თითოეულ თამაშში 5-6 კვიპროსელი გვყავს, მაგრამ ეს არ გაინტერესებთ. მე ვარ საუკეთესო მწვრთნელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია კვიპროსის ფეხბურთში. როცა კვიპროსელს ვათამაშებ, მას დახმარება უნდა.

– გუნდის მხარდასაჭერად მოსულმა ხალხმა სამ წელიწადში ბევრი სიხარული განიცადა. არადა, მანამდე 13 წლის განმავლობაში რცხვენოდათ იმის თქმა, რომ „ანორთოსისიდან“ იყვნენ. სტადიონი სამი დღის წინ გავავსეთ, დღეს ნახევრად სავსე იყო. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომლებიც სხედან და ბრძანებებს გასცემენ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება წელი. მე ვარ წარმატებული და ვისაც აინტერესებს, შეატყობინეთ. მოთამაშეების მიმართ კი ცოტა პატივისცემა გამოავლინეთ.

– მეც მაქვს მოთხოვნები. მეც მინდა ვიყო მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩემპიონობას 6-7 კვიპროსელი მოთამაშით ვამტკიცებთ. წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ჩემს ადგილას კვიპროსელი რომ ყოფილიყო? არც ერთმა თქვენგანმა არ იცის ფეხბურთის შესახებ ჩემზე მეტი და ამის თქმა არ მომერიდება“, – განაცხადა ქეცბაიამ.