თემურ ქეცბაია - მე მჯეროდა ჩემი გუნდის, „გენტთან“ ვიომეთ და ხასიათი გამოვავლინეთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მე მჯეროდა ჩემი გუნდის, „გენტთან“ ვიომეთ და ხასიათი გამოვავლინეთ #1TVSPORT

კონფერენს-ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „გენტი“ 1:0 დაამარცხა. კვიპროსულმა მედიამ ქართველი მწვრთნელის გუნდის გამარჯვება ისტორიულ მოგებად მონათლა, რადგან ფამაგუსტელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ.

კონფერენს-ლიგაზე „გენტთან“ გამარჯვების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებას დიდი მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მიაღწიეს.

„ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა კვიპროსის ფეხბურთისა და „ანორთოსისისთვის“. ერთი შეხედვით, ჯგუფში ყველაფერი ნათელი იყო. პირველ-მეორე ადგილებს „გენტი“ და „პარტიზანი“ გაინაწილებდნენ, მაგრამ ამ ერთმა მატჩმა ყველაფერი შეცვალა და ახლა ჯგუფიდან გასასვლელად ყველა გუნდი ვიბრძვით. ყველაფერი ბოლო თამაშებში გადაწყდება“, – განაცხადა ქეცბაიამ.

ფამაგუსტას კლუბის ქართველმა მწვრთნელმა იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში „ოლიმპიაკოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ხასიათი გამოავლინა და ჯგუფის ლიდერი დაამარცხა.

„ბოლო ტურში ცუდი თამაშის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ ძალიან კარგი გუნდი ვართ. დღეს მოთამაშეები მოედანზე გავიდნენ და სული და გული დადეს, ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მივაღწიეთ. მე მჯერა ჩემი გუნდის, რომ კონფერენს-ლიგის ჯგუფში შემთხვევით არ მოვხვდით, რაც ბელგიელებთან მოგებამ დაადასტურა“.

კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფში 5 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები 5 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ, რადგან მეორეადგილოსანმა – ბელგრადის „პარტიზანმა“ (7 ქულა) ესტონურ „ფლორასთან“ 1:0 წააგო.