თემურ ქეცბაია კონფერენსლიგის მატჩის წინ – „დინამო“ თბილისის გუნდია, მაგრამ ის ყოველთვის მთელ ქვეყანას ეკუთვნოდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ლუქსემბურგის „მონდორფთან“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა ლუქსემბურგში „მონდორფი“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური კანდიდატია.
„„დინამო“ თბილისის გუნდია, მაგრამ ის ყოველთვის მთელ ქვეყანას ეკუთვნოდა. ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია. მართალია, გასვლით შეხვედრაში გავიმარჯვეთ, მაგრამ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რომ მოვიგოთ. იმედია, ხალხი მოვა, რადგან მათ გარეშე ფეხბურთი არაფერია.
იმედია, გუნდი კიდევ გაძლიერდება და სხვა ფეხბურთელებიც დაგვემატებიან, რადგან ჩვენი სურვილი ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლაა. გვერჩივნა, „დინამო არენაზე“ გვეთამაშა, მაგრამ ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული.
უკეთესი იქნებოდა, ჩვენი ჩემპიონატი ახლანდელზე ძლიერი ყოფილიყო. ყველა გუნდი ცდილობს, კვალიფიციური ლეგიონერი ჩამოიყვანოს. მნიშვნელოვანია, რომ „იბერია“ შემდეგ ეტაპზე გავიდა – ვულოცავ მათ ამ წარმატებას, რაც მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ორი მატჩის ჯამში ეს ეტაპი დაძლიეს.
გუნდების ყოფნა-არყოფნა ტელევიზიებსა და გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს ორი ფაქტორი არ მუშაობს. ტელევიზიები ფეხბურთს არ აჩვენებენ, ხალხი კი სტადიონზე არ დადის. იმედია, ხვალინდელ მატჩზე გულშემატკივრები მოვლენ და თამაშის მოგებაში დაგვეხმარებიან.
ტელევიზიებს ურჩევნიათ, თურქული და ბრაზილიური სერიალები აჩვენონ და არა ჩვენი გუნდების თამაში ევროპულ ტურნირებზე. ადრე სპორტზე ახალი ამბების ბოლოს მაინც ლაპარაკობდნენ, ახლა კი მთავარი თემა მხოლოდ პოლიტიკაა. მჯერა, რომ ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აინტერესებს და უყვარს, რაც ევროპის ჩემპიონატმაც დაგვანახა. თუმცა რა ვქნათ? სულ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ საკითხში წინსვლა არ გვაქვს“, – ამბობს ქეცბაია.
„დინამო თბილისი“ ლუქსემბურგის „მონდორფს“ „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე შეხვდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში თემურ ქეცბაიას გუნდი მონტენეგროს „პეტროვაცისა“ და ლიეტუვური „ჟალგირისის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.