თემურ ქეცბაია - ისრაელთან ჩვენი ყველა კონტრშეტევა გოლის შანსი იყო #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ისრაელთან ჩვენი ყველა კონტრშეტევა გოლის შანსი იყო #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ გამოცემა „სპორტაიმთან“ ინტერვიუში ისრაელთან კვიპროსის ნაკრების გამარჯვებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გაწვრთნილები წინსვლას გააგრძელებენ.

ქეცბაიას ხელმძღვანელობით, კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც 21-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, ოთხიდან ორი მატჩი მოიგო (საბერძნეთთან და ისრაელთან) და გულშემატკივრებს იმედი გაუღვიძა.

„ვულოცავ ჩვენი გუნდის მოთამაშეებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში და შედეგების მიღწევა შეგვიძლია. მოედანზე გასული არცერთი ფეხბურთელი პასიური არ დარჩენილა და ისეთი კარგი გუნდი დავამარცხეთ, როგორიც ისრაელია.

ჩვენ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ. ამის მაგალითი იყო ლამის ყველა ჩვენი კონტრშეტევა, ფაქტობრივად, ყველა ასეთ შემთხვევაში გოლის გატანის შანსი გვქონდა. კიდევ უფრო ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბულგარეთთან მარცხის შემდეგ ვიპოვეთ ძალა და ისრაელში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მოვიგეთ. ბიჭებმა გამოავლინეს, რომ აქვთ ნებისყოფა, იციან და შეუძლიათ თამაში.

ოფიციალურ მატჩებამდე დრო გვაქვს მოსამზადებლად. ვისურვებდი, ჩემს განკარგულებაში მყავდეს ყველა ფეხბურთელი, რათა ყველამ ერთად ვეცადოთ, რაიმე კარგი გავაკეთოთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.