თემურ ქეცბაია - გულშემატკივრების გარეშე „ანორთოსისი“ წარმატებას ვერ მიაღწევდა #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - გულშემატკივრების გარეშე „ანორთოსისი“ წარმატებას ვერ მიაღწევდა #1TVSPORT

კვიპროსის თასის მოპოვების შემდეგ თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა – ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თასის ფინალში და ზოგადად, მთელი სეზონის განმავლობაში დიდი მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთი წელი დასრულდა საუკეთესოდ – „ანორთოსისი“ თასის გამარჯვებულია. გულშემატკივრების გარეშე „ანორთოსისი“ ამდენს ვერ მიაღწევდა. გულწრფელ მადლობას ვეუბნები ქომაგებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და ყველას ძალას გვაძლევდნენ, რომ გვებრძოლა და გამარჯვების ცეცხლის შესანარჩუნებლად დაღლილობა და სტრესი დაგვევიწყებინა. ეს ხალხი ჩვენი სული და „ანორთოსისის“ პულსია.

მათი თანადგომა გამარჯვების კატალიზატორი გახდა. გულის სიღრმიდან გმადლობთ ყველაფრისთვის. ასევე მადლობას ვუხდი „ანორთოსისის“ ყველა მოთამაშეს, რომელმაც ამ დიდ გამარჯვებაში მთელი ენერგია, სული, გული ჩადო. „ანორთოსისის“ მოპოვებული თასი ყველას ეკუთვნის – გულშემატკივრებს, „ანორთოსისს“, ყველა ფამაგუსტელს. დიახ, საბოლოოდ ყველა გავერთიანდით და ვაჩვენეთ, რომ ერთსულოვნებით ბევრი რამ შეგვიძლია“, – დაწერა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის თასის ფინალში „ოლიმპიაკოსის“ დამარცხებით „ანორთოსისმა“ ტიტული 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ზაფხულიდან ევროთასებზე ითამაშებს.