თემურ ქეცბაია - ესტონელებთან ძალიან მარტივ თამაშში მოგება დავკარგეთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ესტონელებთან ძალიან მარტივ თამაშში მოგება დავკარგეთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ესტონურ „ფლორასთან“ ფრედ 2:2 დასრულებული მატჩით თემურ ქეცბაია აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა შეაფასა შეხვედრა და ისაუბრა, როგორ მოახერხა მისმა გუნდმა 2:0-ის შემდეგ გამარჯვების ხელიდან გაშვება.

„შეხვედრის დასაწყისში ორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ სამწუხაროდ, იმ პრობლემების გამო, რომელიც სეზონის დასაწყისიდან გვქონდა, გოლს ძალიან მარტივად ვუშვებთ. გუნდური და კონკრეტული მოთამაშეების ინდივიდუალური შეცდომების გამო ძალიან მარტივ თამაშში ორი გოლი გავუშვით და ქულები დავკარგეთ. მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და ახლა ჩემპიონატის თამაშზე ვართ კონცენტრირებულები“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „ანდონის პაპანდოპუს არენაზე“ ესტონეთის „ფლორასთან“ 28-ე წუთზე 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:2 ითამაშა და კონფერენს ლიგის B ჯგუფში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

ფამაგუსტას გუნდმა ჯგუფურ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და ამისთვის უეფა-სგან დამატებით 166 ათასს ევროს მიიღებს.

ნებისმიერ სხვა მეტოქესთან თამაშში ეს „ანორთოსისისთვის“ სასურველი თანხა იქნებოდა, მაგრამ გუნდს მოგებით 500 ათასი ევროს მიღება შეეძლო. ახლა გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თითქმის ნულის ტოლი შანსი დარჩა.