თემურ ქეცბაია - „ანორთოსისს“ ჯგუფში მოხვედრის დიდი შანსი აქვს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისს“ ჯგუფში მოხვედრის დიდი შანსი აქვს #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პლეიოფში ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ განმეორებითი მატჩის წინ „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებასა და შანსებზე ილაპარაკა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ეს არის მატჩი, რომელშიც ჩვენ შედეგის მიღწევა ხალხის დიდი მხარდაჭერით შეგვიძლია. პირველი თამაში 0:0 დასრულდა და კონფერენს ლიგის ჯგუფში შესასვლელად დიდი ნაბიჯი ვერ გადავდგით. ამიტომ ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ საამისოდ მზად ვართ“, – თქვა თემურ ქეცბაიამ.

ქართველი მწვრთნელის თქმით, სირთულეების მიუხედავად, გუნდმა გასვლაზე 0:0-ის შემდეგ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის ეს შანსი უნდა გამოიყენოს:

„ჩვენ გვაქვს შანსი, ეს არის წლის მატჩი. საკუთარ სტადიონზე ვთამაშობთ, სადაც სულ სხვა გუნდი ვართ. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ვიცით სირთულეებიც, ძალიან კარგ გუნდს უნდა შევხვდეთ“.

საინტერესოა, რომ ქეცბაიას აზრით, მსგავსი მნიშვნელობის მატჩი მას მოთამაშის რანგში უკეთ ჩაუტარებია:

„მე ასეთი მატჩები სხვადასხვა როლებში მახსოვს. მიმაჩნია, რომ დიდი თამაშები ფეხბურთელის როლში უფრო ჩავატარე, ვიდრე როგორც მწვრთნელმა. მაგრამ ახლა ეს ჩემი საქმეა და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“.